ირაკლი ოჩიაური

ირაკლი ოჩიაური

ი. მელენტიევი (თარგმანი 1976 წ. )

თბილისში ხუმრობით იტყვიან ხოლმე – ნუცუბიძის ქუჩა, საქართველოს პარნასიაო;  აქ ცხოვრობს ან აქ დასახლებაზე ოცნებობს მრავალი და მრავალი მხატვარი, მსახიობი, მუსიკოსი.  ქართული ჭედურობის ამღორძინებელის სახლი რომც არ იცოდეთ, თუ ეცდებით აუცილებლად მიაგნებთ – წუთით შეჩერდით კარებთან, ყური მიუგდეთ და გაიგონებთ… წკრიალებს, ჟღერს, ხმაურობს, – ხან საწყალობლად კვნესის, ხანაც საზეიმოდ გუგუნებს ლითონი. – ეზოთა წიაღიდან ბგერათა მთელი გამა იღვრება. თამამად შეაღეთ კარები – ირაკლი ოჩიაური შინაა. იქნებ ბედმა გაგიღიმოთ და ქართული ხელოვნების მორიგი გამარჯვების დამსწრენიც გახდეთ. 

მასპინძელი – შუახნის, ჭაბუკური აღნაგობის,  დინჯი, უთქმელი კაცია. მეგობრებმა გამაფრთხილეს, ირაკლი ოჩიაურს საუბარში ძნელათ თუ გაიყოლიებო., თავიდან ასეც მოხდა. სიტყვაძუნწობდა, დარდიანი, შეფიქრიანებული ჩანდა. მაშინღა გახალისდა, როცა საუბარი შეეხო ჭედურობის სიახლეებს., ლითონის ფურცლის გამოწვევას და ლითონმქანდაკებლობის პრაქტიკულად ამოუწურავ პლასტიკურ გამომსახველობით საშუალებებს.

მახსოვს, მითხრა: ,, მე ის კი არ მაწუხებს, რომ ჭედურობას ბევრმა მოკიდა ხელი. ფერწერა ხომ არ გადაგებულა იმის გამო რომ ვიღა არა ხატავდა. მათ შორის ოსტატებიც იყვნენ და დილეტანტებიც, პროფესიონალების და მოყვარულებიც, უმეცარნიც და გზის გამკვალავნიც. მე სხვა რამ მაშფოთებს – როგორ მოვექცეთ ჭედურ ნამუშევარს, აქ სპეციფიკური მიდგომაა აუცილებელი. ჭედურ ნამუშევარს ყველგან ვერ ჩამოკიდებ, კარგი ნამუშევარიც კი ყოველთვის როდი მოუხდება ინტერიერს…

ირაკლი ოჩიაურის სახელი სამართლიანად იხსენიება თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების პირველამღორძინებელთა შორის. იგია კაცი, ვინც ღრმად ჩაწვდა და დღესაც ისწრაფვის, ამოიცნოს ამ აღორძინებული ხელოვნების ახალი და ახალი იდუმალებანი.

ხელოვნებათმცოდნენი ერთხმად აღიარებენ ქართული ჭედურობის მშვენიერებას, მაგრამ ორმოცდაათიანი წლების შუახანებამდე მხოლოდ მუზეუმის ვიტრინებში გამოფენილი ჭედური ნაწარმოებებით ტკბებოდნენ და ამ ხელოვნებას არქაულად და პრაკტიკულად მხოლოდ წარსულის კუთვნილებად მიიჩნევდნენ.  და აი ეს ხელოვნება თამამად შემოიჭრა თანამედროვე თბილისის ცხოვრებაში. არამარტო ინტერიერები – ჭედური თემატური პანოები მეტროებში, მუსიკალური კომედიის თეატრში, ქორწინების სასახლეში, სასტუმროებში, დაწესებულებებსა და ჭედური მინიატურები ბინებში – არამედ თვით ქალაქის ქუჩების იერიც კი დღეს წარმოუდგენელია  გამომწვევად სტილიზებული თუ მკაცრად რეალისტური ფირნიშების გარეშე. 

ქანდაკების დიდ ხელოვნებასთან სისხლხორცეული ნათესაობის გამო ჭედურობა ორგანულად შეეთავსა საქართველოს დედაქალაქის სახეს, იქცა მის განუყფელ ნაწილად. ეს მაშინ როცა ამ ოციოდე წლის წინათ თანამედროვე ქართული ლითონის მხატვრული პლასტიკური ხელოვნება საერთოდ არ არსებოვდა! რა ამბავია, როგორ მოხდა, რომ მშვენიერი, მაგრამ თითქოს ლეგენდებშიღა ჩარჩენილი, ჩვენამდე შუა საუკუნეების დიდებული ოსტატების არც თუ რიცხვმრავალი ნამუშევრით მოღწეული ხელობნება წამყვან მიმართულებად იქცა? ყოველ შემთვევაში ასეთად, რომ ყურადღება მიიპყრო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშიც კი.

არაქართველმა მკითხველმა ალბათ ცოტა რამ იცის საქართველოში ლითონმქანდაკებლების ასეთ მოულოდნელად აღორძინებასა და გაფურჩქვნის მიზეზებზე – ამის გასაგებად ბევრი წყარო როდი მოიძებნება. თვითონ დღევანდელი ჭედურობის აქტიური შემომქმედნი, მათ შორის ირაკლი ოჩიაური, ჟურნალისტებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან, მეგობრებთან საუბარში გამოთქვამენ საინტერესო, მაგრამ წმინდა სუბიექტურ, არც თუ იშვიათად, პარადოქსულ აზრებსაც კი.

დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული ვერსია დაახლოვებით ასეთია: ახალგაზრდა თბილისელმა მოქანდაკემ განიზრახა საცოლისთვის  სასიამოვნო საჩუქარი მიეძღვნა და ლითონის პატარა ნაჭერზე ლამაზად მინიატურა ამოკვეთა. საცოლეს მოეწონა, მოგეხსენებათ მოდას ქალები ამკვიდრებენ… სხვებსაც მოეწონათ და მოულოდნელად , მოქანდაკეს მრავალი დაკვეთა დაუგროვდა. ერთი ოსტატი უკვე ვერ აუდიოდა მოდის მოთხოვნას და გაჩნდა სხვებიც…  ნამუშევართა ზომებიც იზრდებოდა და მრავლდებოდნენ ჭედურობის ოსტატებიც.

რაღა თქმა უნდა ჭედური ხელოვნების აღორძიბენის მიზეზები მოდის ჭირვეულობაზე გაცილებით ღრმა ხასიათისაა. ისტორიული ქრონიკა ,,ქართლის ცხოვრება” აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ძველ და ახალ წელთაღრიცხვათა მიჯნაზე ძველი იბერიის ქალაქები ირთვებოდა წარმართული ღმერთების ქანდაკებებით, რომელთა შორისაც ზოგიერთი კარგა მოზრდილი იყო. ლითონი ალბათ ამ ძველ ქანდაკებებში თავის სიტყვას უკვე  ამბობდა. გამორიცხული არაა, რომ წარმართული ბომონების ადგილზე შემდგომში აღიმართა პირველი ქრისტიანული ტაძრები.  ხელოვნების ისტორიკოსები ნათელყოფენ ადგილობრივ და ელინური სკულპტურული ტრადიციების, ძველი კოლხებისა და შავიზღვისპირა ბერძნული კოლონიების ლითონქანდაკებელთა ნაყოფიერ ურთიერთზემოქმედებას.  

X საუკუნით მეორე ნახევრით თარიღდება დავით კურაპალატის საყოველთაოდ ცნობილი ჭედური ხატი. მატიანემ ჩვენ მხოლოდ ხატის მფლობელი მეფის სახელი როდი შემოგვინახა, ისიც გვაუწყა, რომ ხატი შექმნა ორომჭედელმა ასათმა, ვინც ძველი საქართველოს ჭედური ხელოვნება ასე აღამაღლა.

მეთერთმეტე საუკუნემ, თამარის მეფობის ეპოქამ – მხოლოდ შოთა რუსთაველის პოეტური გენიის აღმაფრენა როდი გვიბოძა, არამედ დიდებული ,,ლითონის პოემებიც”, რომელიც შექმნეს ოპიზარებმა –ბექამ და ბეშქენმა.

საკმარისია შეხედოთ, ერთ–ერთ ჭედური ხატის დეტალს  – იუანე ნათლისმცემლის სახის ნატიფ , ფაქიზ ნაკვთებს, რომ გაიგოთ:  მისი ავტორი  არა მარტო ჭედურობის ბრწყინვალე ოსტატია,  არამედ საერთოდ დიდი მხატვარიც, რომელიც რელიგიური თემების დამუშავებისას თამამად ეყრდნობა ცხოვრებისეულ წარმოდგენებს მის ირგვლივ მყოფი ადამიანების ხასიათსა და ფსიქოლოგიას.

დიდება ხელთა შენთა, დიდება შთაგონებას შენსას, მხატვარო და ოსტატო, ვინც საუკუნეთა სიღრმიდან  სასწაულებრივად საზეიმო სალამს გვიძღვნი…. 

ქართულ ლითონური პლასტიკის ისტორიამ იცის აღმაფრენის  პერიოდები და იცის პერიოდები დაქვეითებისა, როცა დიდი ხელოვნება ხელოსნობამდე დასულა. მაგრამ ერთი რამ ცხადია, – ქართულ ჭედურობის ხელოვნებას იმდენად ღრმა ხალხური ფესვები აქვს, ისე საოცარი სიმტკიცით გაუძლო ყველაზე მკაცრ და მომთხოვნ გამომცდელის – დროის გამოცდას, რომ იგი არამც და არამც არ უნდა მომკვდარიყო, არ უნდა გამქრალიყო.

და აი სამხატვრო აკადემიაში გამოჩნდა ახალგაზრდა ხევსური სტუდენტი ირაკლი ოჩიაური. ბავშობაშივე გაურბოდა ხელი მას ფანქრისკენ. მაგრამ ბიჭუნას მარტო ხატვა არ იზიდავდა. მისი მოქნილი თითებით ხის ფინებზე,  ისახებოდნენ ჩინებული ხევსურული ნაქარგების ორნამენტები და მთიელთა მკაცრი ცხოვრების  მთელი სცენებიც. ხეზე ამოკვეთილი რამდენიმე ასეთი რელიეფი ფერწერის ფაკულტეტის აბიტურიენტმა თბილისს წამოიღო, რათა ეჩვენებინა  მომავალი მასწავლებლებისთვის.   ერთი მათგანი ნახა იაკობ ნიკოლაძემ, ნახა და მაშინვე იგრძნო ნიჭი, მოეწონა კომპოზიციის სითამამე, და რა დასამალია, ვერ დაიჯერა, რომ  ,,ხევსურის სიკვდილი” თვით მის ავტორს ეჭირა ხელში. მომწიფებული, ჩამოყალიბებული კაცის ნამუშევრად მიიჩნია იგი. ირაკლი ოჩიაურს დღესაც ეტყობა დამორცხვება, და ოდნავი წყენაც, როცა იხსენებს მასწავლებლის იმ შეფასებასა და ეჭვს. 

სამხატვრო აკადემიაში მიღების წესები მკაცრია და ნიკოლაძემ აბითურიენტს დაავალა ეს რელიეფი თაბაშირით გაემეორებინა. ირაკლიმ ეს პროფესიული გამოცდა ჩინებულად ჩააბარა, რითაც ამ შემთხვევაშ თავისი პიროვნული ღირსებაც დაიცვა. სახელგანთქმულმა მასწავლებელმა ნამუშევარი მოუწონა და ურჩია ფერწერის კი არა, ქანდაკების ფაკულტეტზე შესულიყო. ასეც მოიქცა და მას შემდეგ ი. ნიკოლაძე ოჩიაურის პირველი მასწავლებელი გახდა. მას თავისსავე სახელოსნოში მუშაობის საშუალებას აძლევდა რითაც უდაოდ დიდი ცოდნა შემატა ახალგაზრდა ნიჭიერ მოქანდაკეს.

ი. ნიკოლაძის სახელოსნოში ირაკლიმ ერთხელ თვალი მოჰკრა იქვე მიგდებულ ტყვიის დიდ ნაჭერს. რაიმეში კი გამოიყენებდა კაცი, ვთქვათ, სანადიროდ გაიფიქრა მან. გადაუკრა კიდეც მასწავლებელს. იმაბ ხმა არ გასცა. კარგა ხნის შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდაო, უთხრა: ხელი არ ახლო ტყვიას, ერთი კარგი საქმისთის ვინახავ. თავისუფალი დრო გამომიჩნდება და  მინდა ჭედურობის ტექნიკას დავეუფლოო…  

ეს ყველაფერი ცხადად გაახსენდა ირაკლის, როცა 1951 წლის მარტში მიმი საყვარელი მასწავლებელი მიიცვალა.  იმავე წელს ირაკლიმ დაამთავრა სამხატვრო აკადემია. ხელოვნებაში საკუთარი, დამოუკიდებელი გზა იყო გასავლელი, წინ იყო ქანდაკებაში ძიების, ნიჭიერ მეგობრებთან ნამუსიანი შემოქმედებითი შეჯიბრების, წლები უშეღავათო  პროფესიული გაბედულებისა,  რაც მასწავლებელმა უანდერძა.

დაამთავრა თუ არა აკადემია ირაკლის თერგს გაღმა მოუწია მუშაობა. ქართველ მხატვართა დიდ ჯგუფთან ერთად, მან მთელი წელი იმუშავა სახალხო მეურნეობის მიღწევათა სრულიად საკავშირო გამოფენაზე თავისი რესპუბლიკის პავილიონის გასაფორმებლად. მოსკოვმა იგი გაამდიდრა პროფესიული არსენალით, თავისი სამხატვრო მუზეუმების ამოუწურავი საგანძურებით.

1952–53 წლები ი. ოჩიაურისთვის შეუპოვარი მრავალმხრივი მუშაობის წლები იყო. შექმნა სტუდენტ მ. ყუბანეიშვილის სკულპტურული პორტრეტი, გამოკვეთა დიდი ქართელი ისტორიკოსის ი. ჯავახიშვილის რელიეფი, მასწავლებელზე დღენიადაგმა ფიქრმა მიიყვანა მისი პორტრეტის შექმნის  დაუოკებელ წყურვილამდე.   დაიწყო ხით, – დამყოლი და გულით სასურველი მასალით. მუშაოვდა დიდი გატაცებით, იხსენებდა საყვარელი სახის ნაკვთებს,  მასწავლებლის ჭკვიანურ, დარბაისლურ გამოხედვას, არწივისებურ პროფილს პროფილს,  მისი სახის ყოველ ნაოჭს – მოაზროვნისა და შინაგანად დაძაბული დამშრალი მხატვრის დიდი ცხოვრების ნაყოფს, იხსენებდა ხელებს, ხელებს–ნერვიულს, ძლიერს,  აგრერიგად ნაჯიფარ ხელებს. ხის კვალობაზე საკმაოდ დიდმა რელიეფმა (60×40) ი. ნიკოლაძე აღბეჭდა იმ წუთს, როცა, სეანსის დამთავრების შემდეგ, ჩაფიქრებული და მკაცრი სახით მისჩქერებოდა იგი თავის ქმნილებას. არაჩვეულებრივი მეტყველია წინა პლანზე წამოწეული ხელები მოქანდაკისა. ისინი თითქმის ისვენებენ მძიმე შრომის შედეგად, მაგრამ იმავდროულად მზად არიან, რომ კვლავ შეეხონ მოდელს, ამოძრავდნენ, თაბაშირს ახალი ფორმები მისცენ ოსტატის გონებისა და შთაგონების ნებისდაკვალად. 

ამ რელიეფზე მუშაობის პერიოდში ოჩიაურს წამითაც არ ასვენებდა ფიქრი: რა იქნება ძვირფასი ნაკვთები ლითონის ფონზე რომ გადავიტანო, იქნებ გავბედო ის, რის გასაკეთებლადაც ჩემს მასწავლებელს სიცოცხლე არ ეყოო.  იშოვა ძალიან თხელი თითბირის მომცრო ფურცელი. ქაღალდზე საჭირო ფორმის პორტრეტი დახატა, გამოსახულება გულმოდგინედ გადაიტანა ფანქრით ფონის ზედაპირზე. ფანქარი ეურჩებოდა, ვიდრე ვერ მიხვდა რომ ფონის ზედაპირზე გაზეთის ჩვარი არ გაუსვ–გამოუსვა. საგანგებოდ წვერგალესილი დანის პირით გაავლო ხაზები. გაიხსენა ხევსური მჭედლების მუშაობა, შესაფერისი ჩაქუჩები შეარჩია,. ერთი სიტყვით, როგორც იტყვიან, ხელის ცეცებით, ალღოთი მოქმედებდა. ლითონი არ ემორჩილებოდა, ჭირვეულობდა, უკანა მხრიდან უხეირო დარტყმების შემდეგ, წინაპირი იხორკლებოდა. საჭირო სახეს ვერ იღებდა. წაახდინა თითბრის ერთი, მეორე, მესამე ფურცელი. მიუჩვეველი რკინის სამუშაო ხელს ტკენდა. ბოლოს მიხვდა, რომ საჭიროა სხვადასხვა ფორმის საგანგებო საჭრეთელი. სცადა დაეკვეთა, მაგრამ სახელოსნოები საქმეს აგვიანებდნენ. თვითონვე გამოჩორკა რაღაც, რამდენჯერმე გაუელვა, სულაც შევეშვები ამ საქმესო ან სხვა დროისთვის გადავდებო. მაგრამ ხის რელიეფიდან მომზირალი მასწავლებლის თვალები თითქოს დაუმცინავად ეკითხებოდნენ: რა, თავს ანებებ?!

და კვლავ უკაკუნებდა და უკაკუნებდა ჩაქუჩს, კვლავ ეძიებდა, ისევ და ისევ გაკერპებით ირწმუნებდა თავს: მივაღწევ ჩემსას! და საქმე თითქოს უკეთაც მისდიოდა. გულდასმით დიდხანს ამუშავებდა დეტალებს,  თითბირის ფურცლის ზედაპირი სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა ნახატისა და საგანგებოდ გადიდებული სურათების გამოსახულებას.  პორტრეტი გამოსდიოდა, მაგრამ იმ დახვეწილობისათვის, რის საშუალებასაც ხე იძლეოდა, რაღა თქმა უნდა ჯერ ვერ მიეღწია. 

როცა იქიდან, რაც ოდესღაც მხოლოდდამხოლოდ თითბირის ფურცელი იყო, ქვეყანას შემოხედეს იაკობ ნიკოლაძის გამჭვალავმა თვალებმა, ირაკლიმ იგრძნო, რომ  ლითონის დაჯაბვნა შეიძლებოდა.  დიახ, ეს უკვე გამარჯვება იყო, პირველი გამარჯვება ახალი ჭედუროვისა, რომელიც იბადებოდა თითქმის ას წელიწადს უცნობ მასალასთან ახალგაზრდა ხელოვანის პირველ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში.  

1953 წელს რესპუბლიკის გამოფენაზე ირაკლიმ ოთხი ნამუშევარი გამოფინა: ოტი რელიეფი ხეზე, სტუდენტი გოგონას ბრინჯაოს პორტრეტი და თავისი მასწავლებლის ჭედური პორტრეტი.  გულის ფანცქალით ელოდა იგი თუ რას იტყოდნენ კოლეგები და კრიტიკოსები.

ნამუშევარი უყურადღებოდ არ დარჩენილა, რელიეფები შეაქეს, ბერს ლაპარაკობდნენ მ. ყუბანეიშბილის სკულპტურულ პორტრეტზე, მოსწონდათ ხელოვანის პროფესიული კულტურა,  ლამაზი ქართველი ქალიშვილის სულიერი სამყაროს გადმოცემის უნარი. მხატვრის მთავარი ნამუშევარი – მისი ჭედური პირმშო  –ნიკოლაძის პორტრეტი კი თითქმის ვერც შენიშნეს, მხოლოდ რამდენიმე ახალგაზრდა კოლეგა დაინტერესდა მოულოდნელი მასალით.  იმ დროს, ირაკლის,  ალბათ თვითონაც ატ ჰქონდა გააზრებული,  რომ აღმოჩენა მოახდინა, სათავე დაუდო ქართულ პლასტიკურ ხელოვნების ახალ მიმართულებას.  ყოველ შემთხვევაშ, იმ დღიდან თითქმის შვიდი წელი, ოჩიაურს არ გამოუფენია ჭედური ნაწარმოებები, თუმცა მთელი ამ ხნის მანძლზე არ შეუწყვეტია ექსპერიმენტები, სრულყოფდა ტექნიკას, პოულობდა ახალ და ახალ საშუალებებს, რომლებიც კი შეიძლებოდა მხატვარს ჩაექსოვა თითბერშ, სპილენძში, ალუმინში.

უკვე 1960 წელს ირაკლი ოჩიაურმა შექმნა, ხოლო ერთი წლის შემდეგ რესპუბლიკურ გამოფენაზე გაიტანა ჭედური პანო ,,დილა”. რასაც წარმოუდგენლად დიდი წარმატება ხვდა. 1962 წლიდან ჭედურობით დაინტერესდნენ ახალგაზრდა მოქანდაკეებიც და ოჩიაურს მალევე გაუჩნდა მიმდევრები. 

 

One thought on “ირაკლი ოჩიაური

  1. ძალიან მიყვარს ეს ადამიანი,სხვა ნიჭთან ერთად კარგი იუმორის გღძნობა აქვს,ჩემი ლექტორი იყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s