კარლო საკანდელიძის ხსოვნას

ყველასათვის საყვარელი, ქართული კინოსა და თეატრის უდიდესი მსახიობი, ბატონი კარლო საკანდელიძე, 82 წლის ასაკში, დღეს, რამოდენიმე საათის წინ  გარდაიცვალა.  მინდა გამოვეხმაურო ამ მოვლენას და ჩემი პოსტით გამოვთქვა ღრმა მწუხარება ბატონი კარლოს ოჯახისა და მთელი ქვეყნის წინაშე.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კარლო საკანდელიძე დაიბადა 1928 წლის 1 აპრილს ვანის რაიონის სოფელ ბზვანში.

მან 1944 წელს დაამთავრა თბილისის ვათა I  საშუალო სკოლა, იმავე წელს სწავლა განაგრძო რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, 1949 წელს რუსთაველის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მეზღავური (ბ. ლავერნიოვის ,,რღვევა”), გლახუკა ( ი. ჭავჭავაძის ,,გლახის ნაამბობი” ), სტუდენტი ( შილერის ,,ყაჩაღები”) , გურამ შელია ( კ. ბუაჩიძის ,,ეზოში ავი ძაღლია”), ვარლამი ( რ. თაბუკაშვილის ,,ადენბურგის ზარი”), ღენტორი (კლდიაშვილის ,,ქარიშხალი”), აკიმი ( ლ.ტოლსტოის ,,მეუფება წყვდიადისა”), დავრიში ( ლესინგის ,,ნათება გრძელი”), შარლემანი ( შვარცის ,,დრაკონი”), მასხარა, კასკა, კნაჭა, თერძი ( შექსპირის ,,რიჩარდ მესამე”  ,,მეფე იულიუს კეისარი”, ,,ზაფხულის ღამის სიზმარი”), ჯანდიერი, გლეხი ქმარი ( ბრეხტის ,,კავკასიური ცარცის წრე” ) , ბარნაბა საკანელიძე ( ლორთქიფანიძის ,,კოლხეთის ცისკარი” ) , ქუჩარა ( კაკაბაძის ,,ყვარყვარე” ), გოგია (ბუაჩიძის ,,ამბავი სიყვარულისა” ), კარპე ფრონელი ( ო.იოსელიანის ,,სანამ ურემი გადაბრუნდება” ), ჭინჭრაქა (ნახუცრიშვილის ,,ჭინჭრაქა”), არისტო ქვაშეიძე, ოსიკო ხარაბაძე (დ. კლდიაშვილის ,,სამანიშვილის დედინაცვალი”,  ,, შემოდგომის აზნაურები”), ტრუფალდინკო (გოლდინის ,,ორი ბატონის მსახური”), მიმიშვილი, მიხაკო ( ა. ჩხაიძის ,,სამიდან ექვსამდე” ,,დაბტუნება” ) და სხვა.

ქართული კინოსა და სატელევიზიო მხატვრულ ფილმევში შესრულებული აქვს შემდეგი როლები:   მენახირე (მაგდანას ლურჯა), თავადი (კარდაკარ), კარლო (პიერი მილიციის თანამშრომელი), ქსოვილების გამყიდველი (დაბრუნებული ღიმილი), სავლე (მალე გაზაფხული მოვა), ობუხოვსკი (ჩემი მეგობარი ნოდარი), გიოლება (ჯვარცმული კუნძული), დოდო (არ დაიდარდო),  მაქსიმი (ჩემი ქალაქის ვარსკვლავი), გიგა (ზღვის შვილები), ნიკანდრო ქირია (დათა თუთაშხია), ზაქრო (დაუპატიჟებელი სტუმარი), ობოლაძე (ღამის სიზმარი), რაჟდენ გოცირიძე (განთიადის წინ), ბარმალეი (მოვდივარ და მოვიმღერი), კასიანე (წკიპურტები), პოეტი კავკასიიდან (მწვანე ტალღა), ევტიხი ( ახალი არკადია), ბიბლია (ადამიანების სევდა).

კარლო საკანდელიძე, მკვეთრად სახასიათ და კომიკური ინდივიდუალურობის მქონე მსახიობია. მის მიერ შესრულებული სახეები გამოირჩევა დასრულებულობით, მთლიანობით, ერობნული, სოციალური და ასაკობრივი ხასიათების კონკრეტულობით და სიცხადით.  სხვადასხვა ტიპის ხასიათების პერსონიფიცირებას მსახიობი აღწევს დეტალების, ნიუანსების, საზოგადოდ, მხატვრული ხერხების სახოვანძიებებით და გონებამახვილური მიგნებებით. ახასიათებდა შემოქმედებითი აქტიურობა, შინაგანი ე ქსპრესია, ტემპერამენტი, სასცენო გარდასახვის დიდი უნარი, რაც სულ უფრო მეტად პოპულარულსა და ავტორიტეტულს ხდის მსახიობის სახელს თანამედროვე ქართულ თეატრსა და კინემატოგრაფიაში.     ჩემი გარიჟრაჟი

მესამე კლასამდე ვანის რაიონის სოფელ ზედა ბზვანში ვიზრდებოდი. მერე მამამ თბილისში გამომიშვა უფროს დებთან, ბარემ შენც ქალაქში ისწავლე, სკოლაც იქ დაამთავრე და უმაღლესიცო… მეოცე სკოლაში მოვხვდი. მხეიძე იყო სასწავლო ნაწილის გამგე. ძალიან მკაცრი კაცი. მისი ხელი მეც მომხვედრია. ცელქი ვიყავი, დერეფანში დავრბოდი… მას კი წესად ჰქონდა, ზარი რომ დაირეკებოდა, ორ-ორი უნდა დავმდგარიყავით და დინჯად გვესეირნა დერეფანში… ვერ ვეგუებოდი ამ წესს და ხშირად ვარღვევდი, იბარებდნენ ჩემს დებს და იყო ერთი ამბავი…

სოფელშიც არ ვიკლებდი ცელქობას.

მამა რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო. ნადირობა უყვარდა და შინ სულ გვყავდა მონადირე ძაღლები და ცხენები. ორი ძაღლი გვყავდა ტახზე სანადიროდ დაგეშილი. გაიქცეოდნენ, ეცემოდნენ ნადირს კანჭში. ჩაიჩოქებდა ტახი… ასე ჰყავდათ გაჩერებული, სანამ არ მივიდოდა მონადირე და არ ესროდა…

მეც მიყვარდა ნადირობა, სამწყერაოდ დავდიოდი…

დედა 3 წლისას გარდამეცვალა. მხოლოდ ერთი სურათი ჩამრჩა მეხსიერებაში – მე და დედა წყალზე მივდიოდით და უკან ძაღლი მოგვდევდა.

მერე ჩემი დები თბილისში წამოვიდნენ სასწავლებლად. დავრჩით მე და მამა. მეზობლები გვიკეთებდნენ სადილს, გვივლიდნენ.

არ მქონდა ტკბილი ბავშვობა, ობლობა ძნელია…

კარგა მოზრდილი ვიყავი, მამამ მეორე ცოლი რომ შეირთო. დედინაცვალი კარგი ქალი გამოდგა, შვილივით მივლიდა, არაფერს მაკლებდა… აღათი ერქვა ცხონებულს. დედას ვერა, კაცოიას ვეძახდი. მამასაც ვეღარ ვეძახდი მამას დედინაცვლის შემდეგ – კაცოთი მივმართავდი… რატომ, არ ვიცი… არ სწყინდათ, იცინოდნენ.

მეოთხე კლასში ვიყავი, პიესა დავწერეთ მე, შოთა კუპრავამ და ნათელა მგალობლიშვილმა – «მამა, სდექ!». რეჟისორიც მე ვიყავი და მთავარი – დიეგოს როლის შემსრულებელიც. მაშინ ჩამიჯდა გონებაში მსახიობობა.

ჩემი შუადღე

თეატრალურ ინსტიტუტში I კურსზე დოდო ალექსიძე გვასწავლიდა, მერე ლილი იოსელიანმა შეცვალა… II კურსზე აკაკი ვასაძე გვიკითხავდა, – III-ზე – ვერიკო ანჯაფარიძე. უბედურ კურსს გვეძახდნენ, რადგან პედაგოგებს სულ გვიცვლიდნენ… მე არ ვთვლი ასე. ძალიანაც კარგი იყო, ამდენმა ადამიანმა რომ გვასწავლა.  

ჩემი კურსელები იყვნენ დოდო აბაშიძე, გივი ძნელაძე… სცენას ფაქტობრივად მარტო მე შევრჩი.

ერთხელ, ახალი წლის ღამის შემდეგ, ზემელზე მოვდიოდით გოგონებთან ერთად. აგვიხირდნენ ვიღაც მთვრალები. დოდო აბაშიძემ – თქვენ გაჩერდითო, ხელი არ გაგვანძრევინა, გადაუხტა და დაამჟავა სუყველა…

სტუდენტი ვიყავი. კაბინეტიდან გამოსულ აკაკი ხორავას შევეფეთე. უცებ მომაძახა: «ტოჟე მნე აკტიორ ტეატრა რუსტაველი»… სულაც არ ვფიქრობ რუსთაველში მოსვლას, მარჯანიშვილის თეატრში ვეპირები-მეთქი… საქმე საქმეზე რომ მიდგა, აკაკი ხორავამ აღარ გამატანა შალვა ღამბაშიძეს – სხვები წაიყვანეო. მე და დოდო აბაშიძე წაგვიყვანა რუსთაველის თეატრში.

ვიდარდე. ამხელა სცენაზე რა გავაკეთო, სცენა გადამყლაპავს-მეთქი…

«მაგდანას ლურჯასთვის» მსახიობებს არჩევდნენ. მენახშირეზე ბევრი გასინჯეს… მერე აკაკი ვასაძეს უთქვამს, კარლო საკანდელიძე გასინჯეთო. დამიძახეს და ფილმზე დამამტკიცეს. ყველაზე მეტად «დათა თუთაშხიაში» ნიკანდროს როლი მიყვარს. ჭაბუამაც თქვა ერთ შეხვედრაზე, ჩემს დაწერილს ყველაზე მეტად კარლო საკანდელიძე ჰგავსო.

დაღლა არ ვიცოდი, რა იყო. ყველა როლს დიდი შრომით ვქმნიდი ხოლმე.

მახსოვს, სერგო ზაქარიაძემ მითხრა, სახალხო არტისტობაზე უნდა წარგადგინოო. უარი ვთქვი, – რა დროს ეგ არის-მეთქი… – ეე, შე შტერო, როცა გერგება, უნდა შეირგოო. შემიტანა სიაში. სამინისტრომ დაამტკიცა.

ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ორ წელიწადში ცოლი შევირთე. რადიოში ხშირად მიწვევდნენ ჩასაწერად. ერთხელ შემოვიდა ჩემი მომავალი მეუღლე – ჟორჟეტა კობახიძე. საფრანგეთში იყო დაბადებული. ნიგრის ვეძახდით (დედამისი – ნინოსა და მამის – გრიგოლის პატივსაცემად). მამამისი იქ ფაბრიკაში მუშაობდა. გამოგონებების ავტორი იყო. მერე ვიღაცამ მოწამლა… გარდაიცვალა. სიდედრმა ბავშვები წამოიყვანა და საქართველოში გაზარდა.

ჩემი მეუღლე ფრანგულ ენას ასწავლიდა 23-ე სკოლაში. ქალ-ვაჟი შეგვეძინა. სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. ძალიან უბედური ვიყავი მაშინ, სიტყვით ვერც გეტყვით, რას განვიცდიდი.

მერე ჩემი მეორე მეუღლე, ლამარა გავიცანი თეატრში, ეკონომისტი იყო…

ჩემი საღამო

სანამ ინსულტი მომივიდოდა, რა დამღლიდა, ახლა სუნთქვაც კი მიჭირს…

როგორ დამწყდა გული, რომ ვეღარ ვითამაშე «მოხუც ჯამბაზებში»… ვერ შევძელი, თორემ მეც მაძლევდნენ მთავარ როლს…

ამ ომმა ხომ ბოლო მომიღო! ამ ზაფხულს ყველაფერი დამავიწყა საქართველოს უბედურებამ. ფაშისტებზე უარესი მტერი შემოგვესია…

ვარსკვლავი გამიხსნეს. კი, კარგი გრძნობაა, მაგრამ სინდისი მქენჯნის – ეროსის, გოგი გეგეჭკორს არ აქვთ ვარსკვლავი და ჩემი რაღა საჭიროა…

რა მიხარია?

უკვე შვილთაშვილი მყავს – ნატალი, ისეთი კარგი გოგოა, მაგიჟებს.

80 წლის შევსრულდი უკვე, 1-ელ აპრილს… სინამდვილეში 14 მარტს ვარ დაბადებული. მამა რაიონის განათლების განყოფილებაში წასულა საქმეზე, ბარემ მეტრიკასაც ავიღებო, – უფიქრია. შემოესივნენ თურმე ნაცნობები – ვაჟიანობას გილოცავთო. შეჰყოლიან ხუმრობას და ამასობაში დაბადების რიცხვი შეეშალათ თურმე… 

გზავნილები

ძნელი ყოფილა სიბერე. ამიტომ ყველას ვეტყოდი, მოუფრთხილდით, მოუარეთ უფროსებს… მეგობრების ფასი არაფერია, გიყვარდეთ მეგობრები… და საქმე. საქმის ერთგულები იყავით მუდამ!

4 thoughts on “კარლო საკანდელიძის ხსოვნას

  1. ისე სიცოცხლის ბოლომდე სცენაზე იდგა , მოხუც ჯამბაზებშიც თამაშობდა.
    ნათელში იყოს მისი სული.

  2. მოხუც ჯამბაზებზე მუშაობდა მაგრამ მე როგორც ვიცი ჯამრთელობის გაუარესების გამო ვერ შეძლო სცენაზე გასვლა😦 ნუ შეიძლება ვცდები. ისე კი ძალიან დასამახსოვრებელი როლები რომ შექმნა ცხადია🙂
    პირველი როლი მაგდანას ლურჯაში ითამაშა, ამ ფილმა კი ოქტოს პალმის რტო მოიგო🙂

  3. “axali arkadia” aris Cemi usayvarlesi filmi da am filmshi saocari ostatobit da ai, ai ai, umagles doneze tamashobs… saertod titqmis yvela roli maqvs misi shesrulebit nanaxi da am kacs rac sheedzlo, is iyo, rom nebismier modzraobas, tundac sul elementaruls da 3 camians iset doneze aketebda, rom sheudzlebelia dagvicyeboda odesme…. ai dzalian damcyda guli😦

  4. ჩიქო კატლო მართლა ძლიერი მსახიობი იყო, ნუ კინოში რა როლები დატონა და როგორი დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ეს ყველამ ვიცით. აი შენ თეატრში უნდა ნახო, მგონი ბაბადურზე დევს რამოდენიმე სპექტაკლი, მაგალითად ჭინჭრაქა, დამიჯერე ეს შედევრია საკანდელიძისწ შესრულებით ამ ერთიშეხედვით უბრალო სპექტაკლში. და საერთოდ, წავიდა ჩახავა, სოფიკო ეხლა კარლო და ვშიშობ მალე ჩხიკვაზე, კავსაძე, საღარაძეც მიყვება და მერე უნდა კიდევ მეტად ვიწუწუნოთ😦 გასაკვირი ისაა მსგავსი ტალანტები რატომ აღარ ჩნდება ახალ თაობაში …😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s