ყველასგან მივიწყებული საფლავი

აკაკის ერთადერთი ვაჟის ერთადერთი სურვილი იყო, ოდესმე მისი ნეშთი მამის სამშობლოში გადაესვენებინათ!  დღეს მისი საფლავი ცნობილია.  ალექსანდრე წერეთელი, დედის, ნატალია ბაზილევსკაიას გვერდით, საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, სენტ–უანის სასაფლაოზეა დაკრძალული.  მაგრამ…

აკაკის ბიოგრაფია თითქმის ზეპირად იცით ყველამ  და  ალბათ ახალს არც არაფერს ელით ამ პოსტისგან, მაგრამ მაინც მგონია რომ ეს ამბავი აუცილებლად დაგაინტერესებთ. მოკლედ შეგახსენებთ:

ნატალია ბაზილევსკაია იყო ოქროს მადნების რუსი მაგნატის, პეტრე ბაზილევსკის, ქალიშვილი. მამის სიკვდილის შემდეგ ქონება ბიძას მიუთვისებია. ეს ოჯახი ელიზბარ ერისთავის მეშვეობით გაუცვნია აკაკის. ნატალიას შეჰყვარებია აკაკი. როგორც პოეტი გადმოგვცემს: „უფროს ქალს, შევუყვარდი. მაშინ მე ქალის სიყვარულს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, საზოგადოდ, მაგრამ როდესაც დიდად შეწუხებულმა ქალმა შემომჩივლა თავისი აღსარება, მაშინ კი გული მეტკინა, მეც ავდექი და მეორე დღეს ის ქალი ვითხოვე“.  მათ ერთი ვაჟი შეეძინათ – ალექსი, რომელმაც ქართული არ იცოდა. ალექსი საოპერო დასის ანტრეპრენიორი იყო და ერთხანს წარმატებითაც მოღვაწეობდა.  ალექსი მაღალი, კარგი გარეგნობის, წარმოსადეგი ახალგაზრდა ყოფილა. მამას ამსგავსებდნენ. ნატალია საქართველოში ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა. არც აკაკი რჩებოდა მასთან წლობით. თუმცა, სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდათ მათ ურთიერთობა. პარიზში მოგზაურობისასაც თან ახლდა აკაკის ცოლ-შვილი. ბოლოს, როდესაც აკაკი ავად გახდა, ნატალიამ მოისურვა, ჩამოსულიყო და მოევლო ქმრისათვის. მაგრამ ნატალია და ალექსი საბოლოოდ პარიზში დარჩნენ და საფრანგეთშივე დაასრულეს სიცოცხლე.

ცოტა ვრცლად კი აკაკის პარიზულ ნაკვალებს მივყვეთ –  იგი პირველად 1905 წლის ზაფხულს, სამკურნალოდ, ხოლო მეორედ – 1909 წლის ზაფხულში ეწვია საფრანგეთს და ზამთრამდე დარჩენილა.   ლევან ასათიანის ცნობით, პარიზში აკაკი ცხობრობდა თავის ცოლთან – ნატალია ბაზილევსკაიასთან და შვილთან – ალექსისთან ერთად, ალექსი წერეთელს მაშინ საოპერო დასი ჰყავდა პარიზში საგასტროლოდ ჩაყვანილი. რევოლუციის შემდეგ აკაკის ცოლი და შვილი საქართელოში აღარ ჩამოსულან და პარიზში დაასრულეს სიცოცხლე.  ასე მოკლედ წერია პოეტის თითქმის ყველა ბიოგრაფიულ გვერდში. 90_იან წლებშ, აწ გარდაცვლილმა, ლიტერატურათმცოდნე გურამ შარაძემ, საფრანგეთში იმოგზაურა, ამ მოგზაურობის ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზი კი რა გასაკვირია, რომ აკაკის ოჯახის წევრთა საფლავის მოძიება იყო.  გურამ შარაძე თავისსავე წიგნში ,,ფრანგული დღიურები” წერს:

1973 წელს, პარიზში გამოცემულ საცნობარო წიგნში ,,ლტოლვილთა საძვალენი” წავაწყდი ცნობას, რომ პარიზის მახლობლად, სენ–უანის სასაფლაოზე დაკრძალული ყოფილა ,,1933 წელს გარდაცვლილი აკაკი წერეთლის ქვრივი ნატალია” (გვ.24.) ბუნებრივი იყო გვეფიქრა, რომ აქვე იქნებოდა დასაფლავებული აკაკის ერთადერთი შვილი – ალექსი წერეთელი, რომელიც მთელი ცხოვრება მუდამ დედის გვერდით იყო.

გურამ შარაძე, ამ მეტად მნიშვნელოვანი მასალის აღმოჩენისთანავე დაუკავშირდა პარიზში მცხოვრებ ქართველ მწერალ და ჟურნალისტს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მწერალთა კავშირის თავჯდომარეს, გიორგი წერეთელს და ერთად წავიდნენ აკაკის ცოლ–შვილის სასაფლაოს სანახავად.  საინტერესოა ისიც, რომ იქაურმა ქართველებმა არც კი იცოდნენ აკაკის ცოლ–შვილი, პარიზთან ასე ახლოს თუ იყვნენ დაკრძალული.

გამოირკვა რომ, აკაკის მეუღლე – ნატალია ბაზილევსკაია 1933 წლის 28 მარტს (და არა 1919 წელს, როგორც ეს კითხვითი ნიშნით არის მითითებული აკაკი წერეთლის თხზულებათა აკადემიური გამოცემის I  ტომის კომენტარებში, თბ., 1950, გვ.431), ხოლო აკაკის ერთადერთი შვილი, ალექსი წერეთელი გარდაიცვალა 1942 წლის 16 მაისს (და არა 1943 წელს, როგორც ამას ჩვენში წერენ). აკაკის ვაჟს – ალექსი წერეთელს 30 წლის ვადით – 1971 წლამდე ჰქონდა გადახდილი სასაფლაოს საფასური. – ჩვენ 10 წელი გელოდეთ, და არავინ რომ არ გამოჩნდით ჭირისუფალი, 1981 წელს იგი გავაუქმეთ და აქ ვინმე გუსტავ ნოტბარტი, ხოლო 1988 წელს მისი მეუღლე იბეტ ნოტბარტი დავკრძალეთ – გვიპასუხეს, ცოტა არ იყოს მობოდიშებით, სასაფლაოს არქივის თანამშრომელებმა.

დააგვიანეს, სამწუხაროდ, როგორც ყველგან, ქართველებმა აქაც დააგვიანეს!…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s