უკანასკნელი ინტერვიუ

ვაგრძელებ გენერალ შალვა მაღლაკელიძის ერთ–ერთ უკანასკნელი ინტერვიუს  ბლოგზე გამოქვეყნებას. საარქივო მასალის პირველი ნაწილს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:  ნაწილი I

( II ნაწილი )

– ბ–ნო შალვა, რას იტყვით ,,სააკაძის ბატალიონზე”, რომელიც ტექსელზე მოხვდა?

– როდესაც მე პაკისტანიდან გერმანიაში დავბრუნდი, გაიოზმა დამახვედრა ჰოლანდიიდან მიღებული წიგნი ტექსელის შესახებ.  წიგნის გამომცემელნი გაიოზს სთხოვდნენ, ამ დროს გაიოზი ცნობილი ჟურნალისტია, კომენტარს იქ მოთხრობილ ამბებზე, მაგრამ საქმე იმაშია , რომ  სიყალბე იყო ნათქვამი.  თითქმის არცერთი ტექსესელი არ გადარჩენილა, ეს უნდა იცოდეთ. აქ რომ ჩამოიყვანეს გავიგე რომ ზოგი ვითომ ,,ტექსესელი” ტრაბახობს – იმ კუნძულიდან ნავით ინგლისში გავახწიეთო. სიცრუეა ეს! ბევრმა მათგანმა, ზღვა რა არის, არ იცოდა. რომ არაფერი ვთქვათ იმ დანაღმულ ზღვაში გაღწევაზე. საქმე ასეა, მე ამ ბატალიონს ასისთავებად სულ ქართველები დავუნიშნე.  მათთან დარჩა ორი ათეული – ინტენდანტის სამსახურის გერმანელები. ეს ბატალიონი კარგად მოვლილი და შეიარაღებული იყო. მათ თავიანთი ,,ფუტბოლის” გუნდებიც ჰყავდათ და იქ თამაშობდნენ. ყველაფრის მიზეზი გახდა ჰოლანდიის კომპარტიის კომიტეტი და ამ კომიტეტის მესვეური ჰოლანდიელი ებრაელი ქალი ანა კლაინი. მთელი ომის მანძილზე ჰოლანდიელებს ერთი თოფი არ გაუსვრიათ და ახლა, რუსების წინაშე თავი რომ ემართლებინათ და მათგან იმ ფულადი სახსრების აღება რომ გაემართლებინათ – შეუჩნდნენ ამ ქართველებს. ეს ანა კლაინი მათში რუსულ პროკლამაციებს ავრცელებდა. როგორ, ამ უნამუსებმა არ იცოდნენ, რა ძალები ჰყავდათ იქ გერმანელებს?! იცოდნენ, მაგრამ ქართველების რა ენაღვლებოდათ, რა. ჰოდა, მოხდა, ჩემო ბატონო, საქმე ისე, რომა ყელი დაჭრეს ამ მძინარე გერმანელებს ,,ტექსელელებმა”, ხალხს რომლებიც მათ ჰკვებავდა. ჩემთვის და საერთოდ ჩვენთვის ეს სამარცხვინო ფაქტია.  არ ზის ჩვენში, ქართველებში, ასეთი უმადურობა. 1918 წელს, რომ მოგიყევით დამარცხებული გერმანელთა ჯარი დიდი ზარ–ზეიმით გააცილა საქართველომ, ხოლო ეს ტექსელელთა ამბავი, პირდაპირ შავი ლაქაა. დამარცხებულ მოკავშირისადმი შეიძლება გაცივდე, ინდიფერენტული გახდე, მაგრამ ყელის დაჭრა?! ახლა აქ, მწერალთა კავშირის იურისკონსულტი რომ ვიყავი, მითხრეს მწერლებმა, რომ ანა კალაინი ჩამოსულა აქ, ქართველების ,,დედაო”. მე ვუთხარი: მოაშორე ეს აქედან, ქართველების ,, დედა” კი არა, ჯოჯოხეთის დადაათქო. დიდი ზარ–ზეიმით მიუღიათ, ჩემო ვატონო. ახლა აქ, ჩემთან, მესტუმრა რეზო თაბუკაშვილი, (ვიცნობდი მამამისს, ფედერალისტი იყო) და რეჟისორი მანაგაძე. უნდოდათ ტექსელზე ფილმის გაკეთება. ვუთხარი მე მათ ამის შესახებ ყველაფერი და ისიც დავსძინე, რომ ვინც დღეს ამტკიცებს აქ, ჩემთან რომ ტესესელი ვარო, წმინდაწყლის ბლეფია, რადგან მათგან არავინ გადარჩენილან – მეთქი. ხოლო ისინი ვინც ამას ამტკიცებენ, არიან სხვადასხვა ჯგუფის დეზერტირები,  რომლებიც იმ დროს ბევრი აღმოჩნდნენ საფრანგეთში. მე მეგონა ამის შემდეგ ისინი აღარ გააკეთებდნენ ფილმს და მაინც  გადაუღიათ.  ვნახე მერე მე ეგ ფილმი და მსგავსი სიცრუე არაფერი მინახავს.  გვიჩვენებენ ვიღაც წვეროსნებს და ვითომ ლეგიონია თუ ტყვეთა ბანაკი ვერ გაიგებ. მთხოვეს ,,გამარჯვების 30 წლისთავთან” დაკავშირებით შეხვედრა შედგება გენერალ ჯანჯღავასთან, ასევე ვიღაც სომეხ სამხედროსთან და ,,ტექსელის გმირ” არტემიძესთანო. დავესწარი. გამოვიდა ჯანჯღავა და ილაპარაკა, როგორც მხედარს შეშვენის, ძალზე თავმდაბლად.  ასევე სომეხმაც. ახლა გამოაცხადეს: არტემიძე, არტემიძე! და გაპარულა ეს არტემიძე.  დიახ, კიდევ ერთი ეპიზოდი: ერთი ყმაწვილია აქ ბოჩიკაშვილი და შემახვედრა მაბ ,,ტექსელელს” – გადაგვჭამა ტრაბახითო. ვუთხარი მე ახლა იმას, ტექსელიდან შენ გადახვედი ინგლისშითქო? დააქნია თავი. შენ მიცნობ მეთქი მე? არაო, თავს აქნევს, აბა როგორ მოხვდი ტექსელში მეთქი? ეს ჩემი საქმეაო.

დიახ ჩემო ბატონო, სხვა საქმე იყო I  ვატალიონი, მან შუმბურში ამერიკულ დესანტს სასტიკი ბრძოლა გაუმართა.

– ბ–ნო შალვა, გრიგოლ რობაქიძეზე რას გვეტყვით, მას მერე რაც ის გერმანიაში დარჩა?

– უნდა მოგახსენოთ, რომ გრიგოლ რობაქიძე არც ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას არ ეკუთვნოდა. უფრო დაახლოვებული იყო მიხაკო წერეთელთან და აკაკი პაპავასთან. არავითარი ფაშისტი ან ნაციონალ–სოციალისტი იგი არ ყოფილა. ის მონოგრაფიები, რომელიც მან მუსოლინსა და ჰიტლერს უძღვნა – წმინდა მწერლური ხედვით არის დაწერილი. ახლა აქ მწერალთა კავშირის ყრილობაზე, მეც მომიყვანეს მწერლებმა – ირჩეოდა საკითხი: აღვადგინოთ თუ არა გრიგოლ რობაქიძეო და მოგეხსენებათ, ჯერ ლიტერატურულმა გაზეთმა დასწამა მას ფაშისტობა და მერე ამ ყრილობაზე მე სიტყვა არ მათქმევინეს. შემდეგ ჩვენმა მწერლებმა აქ ჩამოსულ ტიხონოვს შემახვედრეს  და იმასაც ვუთხარი – არავითარი ფაშისტი რობაქიძე არ ყოფილა მეთქი. ამაზე ტიხონოვმა მიპასუხა: კარგი, მაგრამ თქვენ წაკითხული  გაქვთ თუ არა ,, დი გემორდეტე ზეელე? ” ამაზე უკვე მას აღარაფერი ვუპასუხე, რადგან ამ რომანში – ,,ჩაკლულ სულში”, ასამართლებს ბოლშევიზმსა და სტალინს.

– ბ–ნო შალვა ახლა ბრძანეთ თუ როგორ მოხვდით პაკისტანში?

–  უნდა მოგახსენოთ, რომ რომში ყოფნის დროს მე კვლავ ვმეგობრობდი ინსაბატოსთან. მან შემიყვანა მასონურ ლოჟაში და საკმაოდ დიდი რანგი მომცეს მასონისა – ,, სიკვდილთან შერიგებული”. ამ დროს რომში იმყოფებოდა პაკისტანელი გენერალი აიუბ–ხანი, სწორედ ის, რომელიც შემდგომ პაკისტანის პრეზიდენტი გახდა.  მას წარუდგინა ჩემი თავი ინსაბატომ, როგორც ხმელთაშუა ზღვის სამხედრო ტაქტის სამხედრო მრჩეველი და წარმადგინეს იმიტომ რომ თვითონ აიუბ–ხანი მასონი გახლდათ. ასე, რომ აიუბ–ხანმა ამიყვანა თავის სამსახურში იტალიელი გენერლის ამადარის გვარით., ერთის მხრივ, როგორც თვითონ მახასიათებს, ,,სამხედრო ტაქტიკის მცოდნედ” და მეორეს მხრივ, სადაზვერვო საქმიანობის ექსპერტად, როგორც რუსული ენის მცოდნე.  ამასობაში, რომში იმყოფებოდა პაკისტანელი გენერალი მედიცინის ხაზით, ფარუკი, რომელიც პაკისტანისთვის ექიმებს აგროვებდა, რომელნიც ტროპიკულ დაავადების სპეციალისტები იქნებოდნენ. სწორედ ასეთი სამედიცინო აკადემია არსებოდა რომში. ჩემი მეორე მეუღლეც იქ იყო განსწავლული. მას ჰქონდა კაპიტნის წოდება სამედიცინო ხაზით.  ასე, რომ ჩემი მეუღლეც ჩაეწერა ამ ექიმებში და პაკისტანისკენ გავწიეთ.  პაკისტანში დავბინავდით კარგად.  პატარა ქალაქ კოხათში ჩვენი სამხედრო–სადაზვერვო დასახლება იყო და იქვე ჰქონდათ საავადმყოფოც, სადაც ჩემი მეუღლე მუშაობდა. აქვე ცხოვრობდა გენერალი აიუბ–ხანი, ეს ვეებერთელა კაცი…

– ბ–ნო შალვა, გავაგრძელოთ იქედან, თქვენი მეუღლე რომ პაკისტანიდან მოემგზავრება…

– დიახ გამოემგზავრა იქედან, მაგრამ მე არავითარი ცნობა არ მიმიღია მის ჩამოსვლის თაობაზე. დავრეკე ფრანკფურტში ჩამოფრინდაო თვითმფრინავი პაკისტანიდან. დავრეკე ბერლინში და მითხრეს დიახ კაპიტანი ცოტაძე  ბავშვით ჩამოფრინდა ბერლინში და ქალაქში გავიდაო. იმ წამსვე დავურეკე ფაჩულიას, ყურმილი მისმა გერმანელმა ცოლმა აიღო და ატირებული მითხრა  – ალექსანდრეს ლამაზი თვალები სამუდამოდ დაეხუჭაო– ეს როგორ მეთქი? როგორ და გუშინ ქალაქში გავიდა,  ბრმა ნაწლავის შეტევა მოუვიდა და საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალაო. მოკლეს ფაჩულია! მერე გავიგე რომ ჩემს ცოლს სხვა კაცი დახვედრია ქართული გაზეთით ხელში და აღმოსავლეთ გერმანიაში, ლაიფციგში წაუყვანიათ, ე.ი. ცოლ–შვილი მომტაცეს და ფაჩულია მოკლეს.

1954 წლის 31 31 ივლისია. მე გაიოზი მაცილებს მანქანით მიუნხენის აეროდრომზე – ბერლინში მივფრინავ. ამ დროისათვის გაზეთებში  გავრცელდა ცნობა, რომ საბჭოები  დასავლეთ ბერლინიდან იტაცებდნენ მათთვის სასურველ პირებს, მაგალითად, ბევრს წერენ იმ დროს იუგოსლავიელ გენერალ ტრუშნოვზე, რომელიც რუსებმა გაიტაცეს და წინააღმდეგობის გაწევის დროს მოკლეს.  თვითმფრინავში ორი ქართველი აღმოჩნდა და მათთან გვარიანად დავლიე კონიაკი.  ჩამოვფრინდით და აეროპორტში დამხვდნენ ეს გერმანელები.  მიმიყვანეს ჩემთვის ნაცნობ ძველ სასტყუმროში, რომელიც აღმოსავლეთ სექტორთან სულ ასი მეტრით თუ იყო დაცილებული. მე უკვე ნასვამი ვარ. შევედი სასტუმროში– იქ მისი მეპატრონე, უნგრელი, ჩემი ნაცნობი, რაღაც დღეობას მართავდა. ამ გერმანელებმა დამტოვეს.  მიმიწვიეს სასტუმროს პატრონებმა ამ ლხინზე. მეც ეს ბერიკაცი, უკვე 60 წლისა ვარ, სულ გამოვსულელდი, ვსვამ და ვცეკვავ… საღამოს 10 საათიდან, დილის 4 საათამდე ასე ვიყავი. მერე სასტუმროს ნომერში ავედი და დავიძინე. დილის 8 საათი იქნებოდა, რეკავ ტელეფონი: ქვემოთ გელოდებიანო. ჩავედი, გავედი გარეთ – ვხედავ ეს გერმანელებია, სამნი. გავიაროთო. ხელში პლაშჩები უჭირავთ. რათ გინდათ მეთქი პლაშჩები 1 აგვისტოს? არაო, ლაიფციგში წვიმა იყოო. მივდივართ ასე, აღმოსავლეთის სექტორის მიმართულებით.  უცებ ერთმა მითხრა – ჩვენ ჯარისკაცები არ ვართო, ბატონო გენერალო ჩვენ დიდი მოწიწება გვაქვს თქვენ მიმართ, ჩვენთვის სამშობლო დამთავრდაო,  ახლა თუ არ დაგვემორჩილებით, ნაბრძანები გვაქვს, რომ მოგკლათო.  რაღას ვიზამდი?!  ეს ისე უცებ მოხდა რომ გამოფხიზლება კარგად ვერც კი მოვასწარი! გადამიყვანეს უცებ იქეთა ზონაზე და ვხედავ ორი ავტომანქანა დგას ავტომატიანი წითელარმიელებით… (გაგრძელება III ნაწილში)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s