სულ სხვა დონეა ,,აფრიკა” :P

როგორც დიდი ეთერ კაკულია ამბობს:

ისან –სამგორი –აფრიკა

სხვა ნეტარება არ მინდ!

ავად თუ კარგად, როგორც იქნა გაიჟღერა  ჩემი უბნის სახელმაც ქართულ ,,ესტრადაზე”  :p  ხო და გავხდით პოპულარულები! დღეს უკვე, ყველა ,,აფრიკას” უმღერის😀  ამბობენ მიშა, თბილისში,  ტურისტული განვითარების პროგრამის ფარგლებში,  გეგმავს აფრიკის კიდევ უფრო დიდ პოპულარიზაციას და მოდით მეც შევიტან ამ სამამულო საქმეში ჩემს პატარა წვლილს😉

მაშ ასე, ვისაც ჯერ კიდევ არაფერი გსმენიათ ,,აფრიკაზე”,

ვე ფეერე ბიი, ჩემს უუ ბაანს

სვეცკიია და ყველას უუყვარს🙂

(პოსტში გამოყენებულია დავით ლიპარტელიანის (ბლოგერებისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, ქილიფას ძმის) მიერ მოძიებული მასალები )

წარმოშობა

ამჟამად საქართველოში 5 ათასზე მეტი დასახლებული პუნქტია, 26 ათასზე მეტი მდინარე, ასეულ-ათასობით მთა, მწვერვალი, ფიზიკურ-გეოგრაფიული თუ ეკონომიკურ – გეოგრაფიული ობიექტი ატარებს საკუთარ სახელს. ქართული გეოგრაფიული სახელწოდებები მრავალფეროვანია, ეს აისახება ქვეყნის ნაირგვარი ბუნებრივი პირობებით, მოსახლეობის ჭრელი ეროვნულ-ტომობრივი შემადგენლობითა და რთული ისტორიული წარსულით. საქართველოს ლანდშაფტის მრავალფეროვნება, მოსახლეობის ისტორიულ – ეთნოგრაფიული თავისებურებანი, მის მიწა-წყალზე გადავლილი ქარტეხილების სიმძაფრე საუკუნეების მანძილზე ამდიდრებდა ჩვენს ტოპონიმიას. ტოპონიმები წარმოშობილია უშუალოდ, ადამიანთა ურთიერთობის პროცესში და, როგორც მეცნიერები ფიქრობენ, სახელი ამა თუ იმ გეოგრაფიულ ადგილს პირველად მიღებული შთაბეჭდილების მიხედვით შერქმევია. ადამიანთა შემოქმედებასა და გონებამახვილობას აქ უსაზღვრო გაქანება ჰქონია. უშუალო შთაბეჭდილებათა მიხედვით არის მიღებული ისეთი ტოპონიმები, როგორიცაა, მაგალითად, ცხრაწყარო, გორმაღალი, კლდეკარი, შავნაბადა, წყალწითელა, ქვაბისხევი, ციხისფერდი, სამგორი, აფრიკა და სხვ. ტოპონიმთა სისტემაში დაცულია გარკვეული კანონზომიერება: ადგილის სახელწოდება ასახავს გარემოს, მდებარეობას, ნიშან-თვისებებს და სხვ. მაგრამ ყველა ტოპონიმის ახსნას ჩვენი ცოდნის დღევანდელ პირობებში მაინც ვერ ვახერხებთ. სახელწოდებათა უმრავლესობაში ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისთვის დამახასიათებელი შინაარსი აისახა. მაგალითად, ტოპონიმი ,,თბილისი” მიუთითებს მაღალი ტემპერატურის მქონე წყაროებზე, ,,მყინვარწვერი” __ მთის ყინულიანობაზე, ,,გორი”__ გორაკის არსებობაზე, ,,წაბლოვანი” __ მცენარე წაბლის გავრცელებაზე, ,,რიყე” __ მდინარის ქვიან ნაპირზე, ,,აფრიკა,” __ ნახევარუდაბნოს ლანდშაფტის არსებობაზე. საქართველოში საკმაოდაა ტოპონიმები, რომელთა მნიშვნელობა ამჟამად არ შეესაბამება ობიექტს. ამგვარი სახელების გაჩენა უნდა აიხსნას იმით, რომ ისინი თავდაპირველად გამართლებული იყო ობიექტის ნიშან-თვისებებით და შემდგომში ეს უკანასკნელები გარდაიქმნა, ტოპონიმი კი ტრადიციით შემოინახა.(უხუცესთა გადმოცემით ,ჰიდრომშენის დასახლებას ე.წ. ,,აფრიკა” შეარქვეს ქალაქის ცენტრიდან სიშორის გამო).

ადგილმდებარეობა


ჰიდრომშენის დასახლება (მოიხსენიებენ, როგორც ე.წ. “აფრიკის” დასახლებას) მდებარეობს თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია ჩ.გ. 41042′ და ა.გ. 44047′. დასახლების ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი გადის კახეთის გზატკეცილზე, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მოსკოვის გამზირი და ზმკ-ს დასახლება ესაზღვრება, აღმოსავლეთით კი -ალექსეევკას დასახლება, სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი გარდაბნის გზატკეცილზე გადის. ამ საზღვრებს შორის მოქცეული ტერიტორიის ფართობი შეადგენს 143.36 ჰა-ს. დასახლება მიეკუთვნება ისანი-სამგორის ადმინისტრაციულ რაიონს.

რელიეფი

თბილისისა და მისი მიდამოების ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის შეფასებისას უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის შემოგარენის რელიეფი ძალზე დანაწევრებულია, განსაკუთრებით- მარჯვენა სანაპირო, რასაც ვერ ვიტყვით მარცხენა სანაპიროზე. ე.წ. ,,აფრიკის” დასახლება მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზეა წარმოდგენილი. მისი რელიეფი, რომელიც სამგორის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს, სუსტად დახრილია. ის ზღვის დონიდან 25-30 მეტრზეა წარმოდგენილი. ,,აფრიკის” უბნის ვაკე ტერიტორიაზე, მშრალი სუბტროპიკული ჰავის პირობებში, წარმოდგენილია რუხი-ყავისფერი, წაბლა, გაჯიანი და დამლაშებული ნიადაგები, რომელიც განაპირობებს ნახევარუდაბნოს ტიპის მცენარეულობის ფორმირებას. რადგან ნახევარუდაბნოს ტიპის ლანდშაფტები ვაკეზეა განლაგებული, აქ არ აღინიშნება ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების დიდი დიფერენციაცია. ნიადაგს საკმაოდ დიდი სიმძლავრე გააჩნია, თუმცა მასში ჰუმუსის რაოდენობა მცირეა, შესაბამისად ნიადაგიც სუსტადაა დიფერენცირებული. ნიადაგის მორწყვის შემთხვევაში მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფართოდ გავრცელება. ,,აფრიკაში” წარმოდგენილია ელდარის ტიპის ნახევარუდაბნოს ლანდშაფტები, ჯაგეკლიანი სტეპური მცენარეულობით, კულტურული ლანდშაფტის სიჭარბით.

ჰავა

დასახლების კლიმატი ზოგადად სუბტროპიკულ – სემიარიდულია (ნახევრადმშრალი), რომელსაც ხმელთაშუაზღვიური ჰავის ნიშნები გააჩნია. მზის ნათების ხანგრძლიობა 21000 სთ-ზე მეტია. მაღალი ნათების გამო აქ ზაფხული ცხელია, ზამთარი კი – შედარებით თბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,30-დან 12,80-მდე მერყეობს. ზაფხულის (ივლის-აგვისტოს) საშუალო ტემპერატურა 230-250-ია,აბსოლუტური მაქსიმუმი +400-ს აჭარბებს. ზამთრის (იანვრის) საშუალო ტემპერატურა 0,20-0,30-ია, აბსოლუტური მინიმუმი -100-მდე შეიძლება დავიდეს, რაც ძალიან იშვიათია. ნალექების წლიური მაჩვენებელი 520 მმ-დან 550 მმ-მდე მერყეობს. სეზონებიდან ყველაზე მშრალი იანვარია (20-40 მმ), ხოლო ნალექების მაქსიმუმი (80-150 მმ) მაისში მოდის. თოვლიან დღეთა რიცხვი საშუალოდ წელიწადში 15 დღეს აღემატება. გაბატონებულია ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ქარები, რომელთა სიჩქარე 2-5 მ/წმ-დან 15 მ/წმ-მდე მერყეობს. საერთოდ თბილისის და მისი მიდამოების ჰავა ჯანსაღი და ადამიანისათვის მარგებელია. ჰავის ელემენტები მოსახლეთა ორგანიზმზე დინამიურ ზემოქმედებას ახდენს. ამ მხრივ ზაფხული ,,აფრიკაში” დისკომფორტული პირობებით არ გამოირჩევა, ხელოვნურად გამწვანების გამო.

ბუნებრივი რესურსები

დასახლების ბუნებრივ პირობებს მისი ბუნებრივი კომპონენტები ქმნიან. ამ მხრივ, აღსანიშნავია ამგებელი ქანები და რელიეფი, ჰავა (კლიმატი) და მისი შემადგენელი ნაწილები, ჰიდროგრაფიული ქსელი, ნიადაგური საფარი, მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო. ბუნებრივი პირობები, გარემომცველი ბუნების ფორმირებისა და განვითარების კანონზომიერებათა სისტემაა, რომელშიც მიმდინარეობს ურთიერთმოქმედი, ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესები. ამ პირობების ერთობლიობამ, კერძოდ, ატმოსფერული ნალექების დეფიციტმა, მშრალი ჰავის არსებობამ ტიპიური ნახევარუდაბნოს ფორმირება განაპირობა. ე.წ. ”აფრიკის” დასახლება მესამეული ნალექებითაა აგებული. ეოცენური თიხები და ქვიშაქვებია გავრცელებული,ადგილი აქვს ასევე მეოტურ-პონტური კონგლომერატების, სარმატული თიხების, ქვიშაქვებისა და მერგელების გამოვლინებებს. სასარგებლო წიაღისეულით დასახლება ღარიბია, ძირითადად სამშენებლო მასალები მოიპოვება. აღსანიშნავია გაჯის საბადო, წარმოდგენილია ლიოსისებრი თიხები, რომელიც გამოიყენება აგურისა და კრამიტის დასამზადებლად. აღსანიშნავია სამკურნალო წყლების გამოსავლები, რომელიც ჯერჯერობით ფართოდ არ არის ცნობილი და სათანადო ყურადღების შემთხვევაში შეიძლება პერსპექტიული გახდეს.,,აფრიკის” დასახლება შიგა წყლების სიმცირით გამოირჩევა. დასახლების ჩრდილო-დასავლეთით ჩამოედინება მდ. მტკვრის მარცხენა შენაკადი- მდ. ფარისხევი. დასახლება მარაგდება სასმელი წყლით სამგორის წყალსაცავიდან (,,თბილისის ზღვიდან”),რომელსაც იყენებენ ასევე სამგორის ვაკეზე განლაგებული სამეურნეო სავარგულების სარწყავად. აღსანიშნავია ასევე მინერალური წყლების გამოსავლები. მინერალური წყაროს წყალი ,,ველისწყარო” თავის საკუთარ ეზოში აღმოჩენილია ნოდარ მელიქაძის მიერ. მისი სამკურნალო თვისებები დადგენილია 2001 წლიდან, მოედინება მიწის სიღრმიდან წყაროს სახით ყოველგვარი გაბურღვის გარეშე და მიეკუთვნება სულფატო -ნატრიუმიან, მაგნიუმ-კალციუმიან მინერალური წყლების ჯგუფს. მინერალური წყალი არის ,,კაშინის” ტიპის და მისი ანალოგი მდებარეობს ქალაქ მოსკოვიდან 200 კილომეტრზე, კურორტ კაშინში, სადაც მოქმედებს 400 კაციანი სანატორიუმი, სამკურნალო კომპლექსი და ჩამოსასხმელ ქარხანაში ისხმება სამკურნალო მინერალური წყალი თავადის ქალის ,,ანა კაშინსკაიას” სახელობის, რომელსაც რუსები ,,უწმინდეს” წყალს უწოდებენ. იგი 2002 წელს წარადგინეს მსოფლიო გამოფენაზე, სადაც ოქროს მედალი მიეკუთვნა თავისი სამკურნალო თვისებების გამო. ანალოგის მიხედვით წყალი ,,ველისწყარო” კურნავს :ქრონიკული გასტრიტი-ნორმალური, მომატებული და დაქვეითებული ფუნქციით. ქრონიკული კოლიტი და ენტეროკოლიტი. ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებები: ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, ანგიოკოლიტი, პანკრეატიტი, დიაბეტი. აბაზანების სახით: საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის ქრონიკული დაავადებები, პერიფერიული ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადებები, გინეკოლოგიური და კანის სხვადასხვა დაავადებები.

დემოგრაფია

ცნობილია,რომ თბილისი როგორც ქალაქი V საუკუნიდან არსებობს. თავდაპირველად განაშენიანებული ქალაქის ფართობი 10-11 ჰა-ს შეადგენდა. დროთა განმავლობაში ქალაქის ფართობი იზრდებოდა. განსაკუთრებით XIX საუკუნიდან დაიწყო თბილისის გარეუბნების განაშენიანება. თბილისის ცალკეული რაიონები თუ უბნები მოსახლეობის რაოდენობითა თუ სიმჭიდროვით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. XX საუკუნიდან დაიწყო ქალაქის გარეუბნების განაშენიანება. ბოლო 50-60- წლის მანძილზე ქალაქი სწრაფად გაიზარდა აღმოსავლეთით და სამხრეთით სამგორის ვაკეზე რკინიგზის ხაზების გასწვრივ. სწორედ ამ მასივებში განხორციელდა ჩასახლებანი ომის შემდგომ პერიოდში. 60-70-იან წლებიდან ინტენსიური სამოსახლო განაშენიანება დაიწყო. თავდაპირველად დასახლებაში გერმანელი ტყვეები ჩამოუსახლებიათ, რომელთაც სამშენებლო სამუშაოებს ასრულებინებდნენ (მათ მიერ აშენებულია როგორც სამოსახლო, ასევე სამედიცინო დაწესებულებები), მათი საფლავები ამავე დასახლებაშია. პირველი დასახლებები 1940-იანი წლებიდან შეიქმნა, სადაც ჭარბობდნენ ბერძნები და ებრაელები. დროთა განმავლობაში მოხდა მათი მიგრაცია. ამჟამად ,,აფრიკის” მოსახლეობის რაოდენობა 12 ათასზე მეტია. საშუალო სიმჭიდროვე დაახლოებით 1,19 კაცია მ2-ზე. მოსაახლეობის ეროვნულ შემადგენლობაში ამჟამად ქართველები ჭარბობენ, სხვა ეროვნებებიდან ცხოვრობენ სომხები, ბოშები, ქურთები, რუსები, ბერძნები, აზერბაიჯანელები და სხვ. დასახლება გამოირჩევა მოსახლეობის მექანიკური მატებით, როგორც სოფლიდან, ქალაქებიდან, ასევე სხვა უბნებიდან მიგრაციის გამო. 

კულტურა

თბილისის ტერიტორიაზე უხვადაა განლაგებული როგორც არქეოლოგიური, ისე ხუროთმოძღვრული ძეგლები. არქეოლოგიური ძეგლებიდან სამგორის ვაკეზე აღსანიშნავია გვიანბრინჯაოს ძეგლების ადგილსამყოფელი. აქ არ არის წარმოდგენილი ისეთი ისტორიულ-კულტურული ძეგლები, როგორიცაა ეკლესია-მონასტრები (ამჟამად საფუძველი ეყრება მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობას), ბუნებრივი ძეგლები – ხეობები, ტბები, მთის კალთები და ა.შ. ფუნქციონალური თვალსაზრისით, თბილისის დიდი ნაწილი სამოსახლო ტერიტორიას აქვს დაკავებული. სამრეწველო დანიშნულების უბნები ქალაქის ჩრდილო ნაწილში რკინიგზის მიმდებარე ზოლსა და სამხრეთ-აღმოსავლურ სექტორშია წარმოდგენილი. მომსახურეობის ზონას უკავია ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ხოლო სატრანსპორტო სექტორი მოიცავს რკინიგზის სადგურის, დიდუბის სატვირთო და სამგორის რკინიგზის კვანძების მიდამოებს. დასახლების რეკრეაციულ ზონას მიეკუთვნება დასვენების სკვერი. საწარმოთა უმრავლესობა დასახლებაში ძირითადად ქინძმარაულის და ქაიროს ქუჩების გასწვრივ მდებარე ვრცელ ტერიტორიებზეა განლაგებული. განსაკუთრებით ბევრია აქ სამშენებლო ინდუსტრიისათვის საჭირო საწარმოები: რკინა-ბეტონის ნაკეთობათა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციების, მსხვილპანელიანი სახლთმშენებლობის, ასფალტ-ბეტონის, კვების მრეწველობის საწარმოები (თხილის, ლიმონათის, ყავის, და სხვ.) და სხვ.დასახლებაში 3 საჯარო სკოლაა (94-ე, 131-ე და 201-ე), ერთი პროფესიული სასწავლებელი, 2 საბავშვო ბაღი, სათნოების სახლი, სახანძრო, პოლიცია,გაზ გასამართი სადგური, სალოკომოტივო დეპო, პოლიკლინიკა №25, ტუბ.დისპანსერი. დასახლების მოსახლეობას ემსახურება სამარშრუტო ტაქსები (№5,156,169-5ა) და ავტობუსები (№2). ე.წ. ,,აფრიკის” დასახლებაში არ არის კულტურის ცენტრი, კინოთეატრი, არქიტექტურული ძეგლები, სპორტულ – გამაჯანსაღებელი დაწესებულება, გასართობი ცენტრები და ა.შ. რაც მოსახლეობისათვის პრობლემას წარმოადგენს.

16 thoughts on “სულ სხვა დონეა ,,აფრიკა” :P

  1. მე მაპატიეთ, აქამდე აფრიკა საშინელება მეგონა :user:

    თან ზურიუსმა ისე აღწერა ბოშებს ცხოვრება აფრიკაში (http://zurriuss.ge/africa-here/), რომ რაღაც უსაშინლეს ადგილად წარმოვიდგინე :შ :შ

  2. უი ეს რა უქნია😀 სინამდვილეში ზურიუსი ,,ზემო ნავთლუხში” ყოფილა და აფრიკაში ეგონა თავი🙂

  3. უნდა მოვინახულო აფრიკა რა ^_^

    აფრიკამ შვა ისეთი ბლოგერები, როგორბიც არიან ქილიფა და ილო😀

    რუსთავმა მხოლოდ მე :user:

  4. აუცილებლად მოინახულებ, იქნებ ჩვენც დაგპატიჟოთ ოდესმე🙂 რაღა ოდესმე, გამოზაფხულდეს და გვეწვიეთ😉

  5. ვაააა საღოლ ტო :))) მადენი მეც არ ვიცოდი აფრიკის სესახებ :დ

  6. მოვიხიბლე პირდაპირ🙂
    ეს სად მიცხოვრია და არ ვიცოდი🙂
    თან რაღაც შენც არ მეცნობი და რომელი ხარ?

  7. ქილიფ, ეს პოსტი შენი ძმის დამსახურებაა🙂 მისი მოძიებული მასალებია😉

    akunkula – მეც ვერ გცნობ🙂 რავი აბა, როგორ გითხრა😉 ილო ვარ ლეჟავა🙂

  8. უი შენ თურმე მეზობელი ყოფილხარ ჩემი🙂 მოვედი კიდევ ერთი აფრიკელი😀 ისა და, კი არ დამცინოთ ახლა შენ სადაური აფრიკელი ხარო😀 მაგრამ მეორე სურათზე რომელი ქუჩა ჩანს? რაღაც ვერ ვიცანი😦 და ეს ინფორმაცია ვინც მოიძია, უკაცრავად და ღადაობს?😀 განსაკუთრებით ჰავის შესახებ რომ მსჯელობს🙂

  9. მეორე სურათზე გუმადჰესის ქუჩაა🙂
    არ ღადაობს, ინფორმაცია ზუსტი და უტყუარია🙂
    და ჩემი მეზობელი საიდან? ვიცნობთ ერთმანეთს?

  10. აჰაა, ახლა მივხვდი უკვე რა ადგილია🙂 მეზობელში ვიგულისხმე, რომ ანუ აფრიკელი ვარ მეც თქო😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s