ეროტიკა ქართულად

ბევრი თანამედროვე ქართველი პოეტისა თუ პროზაიკოსის ნამუშევრებს ასდის ,,თესლისა და ოფლის შეზავებული სუნი”.   ზოგი ესთეტიურად აღწერს, ზოგი პირიქით – თუმცა ფაქტია, ეროტიკა ქართულ ლიტერატურაში დღეს მეტად აქტუალურია.   მრავალსაუკუნეების მანძილზე,  ხატად ქცეული ქართველი ქალის მითიც  მიწასთანაა გასწორებული და კიდევ უფრო ნაკლები იწერება ზევაჟკაც მამაკაცებზეც.

პოსტით არავის ვაკრიტიკებ!  ,,ილოს ბლოგს”  აქვს თავის დევიზი – იკითხე ბევრი და სარგებელს მისგანაც ნახავ ვინც ცუდად წერს –  თუმცა, ამჯერად  არც მათ ვეხები ვინც ცუდად წერს.  პირიქით, მინდა ქართული ლიტერატურის ის შესანიშნავი ნიმუშები შემოგთავაზოთ, რომელშიც  ეროტიკა,  თავისი ესთეტიკითა და არსით, სრულადაა გადმოცემული!

მთლად პიონერს ვერა, მაგრამ, ამ მიმართულებით, ერთ–ერთი გამორჩეული, თავის დახვეწილი და პროფესიონალური სტილით, მაინც ჯავახიშვილია.  ჯაყო გასაგებია, ყველამ ვიცით და ყველას წაგვიკითხავს, თუმცა არანაკლებ ეროტიულია მისი მოთხრობები: “მეჩექმე გაბო”, “მესამე”, “კურკას ქორწილი”… და თუ ვინმეს არ გაქვთ ჯერ კიდევ წაკითხული, გირჩევთ აუცილებლად გადაიკითხოთ.

“დაჰხტის ათასნაირი ფერის და ფორმის წვივი და ბარძაყი, შრიალებს ფარჩის კაბა და ელავს თეთრი საცვალი. ქალ-ვაჟნი ერთმანეთში ჩახლართულან, ჩაკრულან და ჩაწნულან და ერთმანეთის სუნთქვით და ხორცით დამთვრალნი და თავბრუდახვეულნი ლარად და გატაცებით დასცურავენ და დაჰხტიან ცეკვის ტალღებში. ისმის ტრფობის ჩურჩული, ნართაული ოხუნჯობა და აღგზნებული კისკისი. დარბაზს სწრის ხშირი ელვა სურვილით ანთებული თვალებისა. ავის ღევით ჰღელავს შიშველი მკერდი. სისხლისფერ ტუჩებზე და ელვიან კბილებზე სთრთის ალმური აშლილ ჟინისა. ნარკოტიკით ალესისილი და მწვავე სასმელ-საჭმელით ალეწილი ხორცი ეძებს დაცხრომას. აპილპილებული და აჩუხჩუხებული სისხლი მოუთმენლად მოელის და დაჟინებით მოითხოვს შენელებას და ჩაქრობას. გაჩაღებული დარბაზი ვნების ალში და ბანგში გახვეულა. იღრინება და მზვინვარებს პირ-სისხლიანი, კბილ-ალესისლი, გფაფარაყრილი და ახურებული მხეცი სიძვის და მრუშობისა. იწვის, სდნება და ინთქმის იგი დარბაზი გარყვნილების და აღვირაწყვეტილ ჟინის ხანძარში. ისიც აჰყვა ამ ხანძარს, მოაჯდა პირ სისხლიან მხეცს, შEსცურდა გაბანგულ ტალღებში და თავგამწევ ცხენივით გადავარდა მრუშობის და ვნების მორევში. გაბრიებულსა და გამხეცებულს ირგვლივ მხოლოდ გაკაპასებული ვნების ყმუილი, გატიტვლებული სიტკბოების ღეიალ, წკმუტუნი და კვნესა ესმოდა….”

ოთარ ჭილაძე გზაზე ერთი კაცი მიდიოდა

…მედეა გულაღმა იწვა და ხელები გაეშალა. კაცი კი მოდიოდა. ფეხქვეს ქვიშა ჩხრიალებდა, ბრინჯაოსფერი სხეული ქონწასმულივით უბზინავდა. ზვირთივით მოძრავ თმას ოქროს თასმა აკავებდა. უცნობს ხელში სამკბილა ფიწალი ეჭირა, ისე მოდიოდა, თითქოს იცოდა, რომ უცდიდნენ და ისიც იცოდა, ვინ ელოდებოდა. პირდაპირ მედეასკენ მოდიოდა. მედეამ თვალები დახუჭა და ისე გააჟრჟოლა, თითქოს შიშველ ტანზე ლეღვის ხაოიანი ფოთოლი ჩამოუსვესო. როცა თვალი ისევ გაახილა, კაცი მის ფეხთით ჩაჩოქილიყო, ფიწალი ტარით სილაში ჩაესო და მისი სამი გამახული კბილი თანავარსკვლავედივით ბრწყინავდა. კაცმა ორივე ხელით მედეას ფეხი ფრთხილად ასწია, თითქოს წიწილა აიყვანა, და ვარდისფერ ტერფზე აკოცა. მედეას მთელ სხეულზე თბილმა ტალღამ გადაუარა, თითქოს უეცრად ზღვა ამოვარდა ნაპირზე. ამ ტალღამ იგი ერთიანად დაიმორჩილა, დაასუსტა და ნეტარების ღიმილით ბაგე გაუპო. კაცმა ახლა ცერა თითზე უკბინა, გახურებული ხელისგული მედეას ფეხს ბოლომდე ნელა ჩააყოლა, და ბატკანივით ხუჭუჭა ბორცვზე დაადო. მედეას ეგონა, არასდროს არ გათავდებოდა ეს უცნაური ნეტარება, თავისკენ რომ ეწეოდა, ისრუტავდა, ალბობდა და გადაყლაპვას უპირებდა. მედეაც, მხოლოდ და მხოლოდ უნებურად, ალალბედზე ეჭიდებოდა ქვებს, რათა ამ მძლავრი მიზიდულობისგან თავი შეეკავებინა, მაგრამ ქვები ფესვებიანად ამოდიოდა ფოსოებიდან და მასთან ერთად მიფრინავდა. მედეამ ოდნავ გაღებული ქუთუთოებიდან სამი დიდი ვარსკვლავი დაინახა: წითელი , მწვანე და ლურჯი. ვარსკვლავებიც თავბრუდამხვევად ტრიალებდნენ მედეას ზემოთ და ფერად წრეებს აჩენდნენ სივრცეში. ზღვაც უცნაურად ქშინავდა და მოიწევდა, თითქოს ყველაფერი, მთელი სამყარო, მედეას არსებაში შეღწევას ცდილობდა. და მედეამ იგრძნო, როგორ გაიხსნა, როგორ შეიჭრა მის გატრუნულ არსებაში გამდნარი ვარსკვლავების ნაკადი, ცხელი და უსასრულო, შლეგი და თამამი.

კონსტანტინე გამსახურდია ,,დიდოსტატის მარჯვენა”

ხლოს მიეჭრა დიაცს, ავაზისფერ თვალებში ჩააშტერდა, მარჯვენა ძუძუზე წაუცაცუნა ხელი (ასეთი მშვენიერი ძუძუები არასოდეს ენახა ქალის სხეულზე გიორგის). … გიორგიმ ხელი მოუნაცვლა, ახლა მარცხენა წაუცაცუნა მარცხენა ძუძუს, მერმე მარჯვენა გამოიღო სწრაფად, ქედზე შემოჰხვია, მოიზიდა დიაცი. მკერდზე შემოენთო ქალის სხეულის სილბო და სიტფო. უარესად აღელდა მთვრალი, თავი გადაუწია მკლავებში ჩაბუღუჯულს, უნდოდა მისწვდენოდა მის წითელსა და ვნებიან ტუჩებს, მაგრამ ლეღვის შტოსავით გადაიკეცა ქალი… … მცირე ხანს იბრძოდნენ დიაცი და მამაკაცი. მკლავების სალტეებში მომწყვდეული ატირდა. ….ასე ეგონა, დავიუფლეო შემკრთალი დიაცი. გაიბრძოლა ქალმა, ისევ ატირდა, მაგრამ მტკიცე მკლავები შემოჭდობოდა სხეულზე. გახელებული მთვრალი ჰკოცნიდა ყვრიმალებზე, კისერზე. საკინძე გაუფხრიწა გიორგიმ და ძუძუზე უკბინა გახელებულმა. ვაჰმეო, იყვირა ვარდისახარმა და როცა შემკრთალი მამაკაცი მოეშვა კვლავ, მარჯვენა მკლავი მოუქნია და სტკიცა სილა. გონს მოვიდა მთვრალი, სიწითლემ იფეთქა მის სახეზე…

გურამ დოჩანაშვილი “სამოსელი პირველი”

…და მართლაც, მართლაც რომელი ერთი, ვიღას ახსოვდა ტალახიანი თითები – იმათი იყო მხრები, ხელები, წელი და ზურგი და მკერდი, მკერდი… მაგრამ ორად-ორი ხელი ჰქონდა, მხოლოდ ორი და აღარ იცოდა, რას მოჰფერებოდა – რომელი ერთი…. და კიდევ კარგი, ტუჩებიც ჰქონდა და მკერდზე კოცნამ ის საიდუმლოც მყისვე ასწავლა – ყველაზე დიდი, ყველაზე მარტივი და მთელმა სხეულმა ბედნიერ თითებს აყოლა ისურვა… ახლა ყოველივე ერთმანეთს გრძნობდა და მაინც, მაინც, რომელი ერთი… თბილი მუცელი და დაჭიმული ყელი, ტუჩები – მუდამ მომლოდინე, წელი მორკალული ტალახიანი ხელი და ამოზნექილი ქალი ტერეზა, ნამდვილი ქალი, და მისი ოდნავ შორეული ნეკნების თითებში ყოფნა, ყმაწვილი მგზავრის, დომენიკოს შიშველი სხეულის ყველაზე ბედნიერი ნაწილი – თითები და მერე უცებ მთელი სხეული, ყოველი ნამცეცი, თითებზე საზარლად უფრო ბედნიერი გახდა – მიწა კი არა, თავად სხეული, სხეული იძრა და თანაც სადღაც დაკარგვას ჰგავდა… რომ მიიკარგა ერთი მსუბუქად ამოიოხრა, შვების ოხვრასა ჰგავდა და მომჩვარულმა, უცხო ღრუბელში პირქვე გაწოლილმა, სახე მოუთვალიერა და ბედნიერმა, მადლობის ნიშნად ლოყაზე აკოცა, რა უცნაურად უმზერდა ქალი… ისევ უყვარდა, ისევ და ისევ სვამდა და სვამდა, რა გამოლევდა ამ ქალის წყაროთ… რომელი ერთი… დაწაფებული მკერდზე ჰკოცნიდა და რაღაც გემო, ისე ნაცნობი… თავი აიღო, დააცქერდა – ეს მიწა იყო, ქალის სხეულზე ტალახად მიკრული, და მიწის გემომ ერთხანს რომ შეაკრთო, მერე რაღაც უცნაურს ბუნდოვნად მიმხვდარი, ქალის სხეულზე მიწას ლოკავდა და თვალდახუჭული ტერეზაც თითქოს მიუხვდა, რომ ეს ყველაფერი, სუყველაფერი – ,,რომელი ერთი” – სულ მიწა იყო, მიწა და მიწა, დროებით მკერდად, თეძოდ ქცეული – რომელი ერთი…. დროებით სხეულს, მაგრამ რა სხეულს – ამჟამად ლამაზს, ახლა – გაფურჩქნილს, მიწიანი გემოთი ტუჩზე, დახარბებული ჰკოცნიდა მგზავრი…

გრიგოლ რობაქიძე

ყივჩაღეთ იყო….
ქალი მოვიტაცე.
ცხენზე შემოვიგდე, დედალი ავაზა.
ტანი დაყურსული
გავშხვართე უნაგირზე,
თეთრი თეძოების ვიხილე გახელება.
ხტოდნენ ატეხილი, ავხორცი მუხლები.
და თვითონ ნადირი გავხდი, მე ნადირი.
კოცნა-კბენა იყო,
ალერსი-დანა,
მუცელი გაზნექილი
პირით გადავღადრე,
და მარჯვენა ნაპირიდან,
ქალი გაფატრული
ვესროლე მდინარეს.
სიგიჟის წვეთი
ცხენს მოხვდა საფეთქელში,
ცეცხლი წაეკიდა უნალო ფლოქვებში
და თითქო დაკოდილი
გავარდა ჭენებით.
მე სისხლის ყივილი,
მოღუშულ სივრცეებს,
მათრახათ გადავკარი!
… ეს იყო ყივჩაღეთ,
ვეფხობის თვეში.

მურმან ლებანიძე

თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ,
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია,
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცევას,
სხვა უკეთესი რა გიგემია ?!
თუ თბილ თითებით თმას არ უფურჩქნი,
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია,
თუ ფეხებამდე ქალს არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!
თუ არ გაათევ თბილ ღამეს თეთრად,
თუ ჭირში სული არ გაგძვრენია,
ბროლივით სხეულს თუ არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!
თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არ იგრძნობ,
თუ ქალის კვნესა ყურს არ სმენია,
ღამეს ჩურჩულში თუ არ გაათევ,
სხვა უკეთესი რა გიგემია????
არ მოგიპარავს დროის წუთები,
არ მოგიპარავს ტკბილი განცხრომა,
ხომ არ გგონია შენთვის არ მოთოვს,
შენთვის სიკვდილი კარზე არ მოვა?
თუ ერთი წუთით მოსულს ამ ქვეყნად,
წუთები უღვთოდ დაგილოცნია,
ჩაგიკრავს გულში ზღვისა ღელვა და……
თქვი, რომ ამ ქვეყნად არ გიცხოვრია!!!!

პაოლო იაშვილი

იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება…
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

სხვა უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა პოსტი მინდა  მურმან ლებანიძის, კიდევ ერთი უმშვენიერესი ლექსით დავასრულო:

მატარებელი მცხეთას გასცდა, –
სანატრელი და სანუკვარი, –
მამაკაცის დედაკაცთან
ყურს ჩამესმის საუბარი:

– ვერ მიცანით?! – ქალის ხმაში
სექსის სილბო საგრძნობია;
რაღაც მოტკბო არის მასში,
რაღაც ძალზე ნაცნობია…

– მაპატიეთ, მაგრამ ვერა!
(ქალის მზერა, ალბათ, მკაცრი)
– გცნობთ და ვერც გცნობთ… –
დასძენს ხელად, საშველს ეძებს მამაკაცი.

ჩაიცინა ქალმა სევდით,
მოგონილი გაბრაზებით:
– გაიხსენეთ! კუდში მსდევდით,
მთელ თვეს საშველს არ მაძლევდით!

ბინდში ქსანი ჩავიქროლეთ,
ვარსკვლავჭყეტით მოჰქრის ღამე,
ჭიქის დადგმა გავიგონე –
იქ, კუპეში, ღვინოს სვამენ…

უცბათ – კაცის შეყვირება:
– ღმერთო ჩემო! ლილი! თქვენ ხართ!
ქალს უთუოდ ეღიმება,
ახლა – დუმილს ხმარობს ხერხად.

კაცი ხვნეშით კუპეს არყევს,
ქალი – ქალმა მეტი რა ჰქნას:
ქმარი ჰყავდა, ახლა არ ჰყავს,
– თქვენ, თქვენ საით! – ისიც გაგრას…

მთვარემ ღრუბლი გამოცურა,
კუპე მძინარ კაცებს არხევს,
კორიდორში გამოსულან,
მამაკაცი სარკმელს აღებს.

ფუი, საქმე გამიჩინეს,
რანაირად ჰქსოვენ ბუდეს!
კაცი მალ–მალ ჩაიცინებს,
ტუჩი – ქალის ყურზე უდევს.

მატარებელი მეტეხს გასცდა,
ახლა უკვე ძეგვს გავცქერი.
დედაკაცის ჩაცინება:
– რა ხართ, რა ხართ ეს კაცები!..

ქალის ცნობა არ გვესწავლის –
მყვირალობის, ნადირობის:
ლილი გახლავს ან მესამის,
ან მეოთხე ყვავილობის.

არც კაცია მთლად ჩაუქი,
ლახვარ–ხანჯარ–ამოწვდილი;
არც მოხუცია, არც ჭაბუკი –
ბერბიჭაა გამოცდილი..

კი! – იწერენ მისამართებს!
კი! – არკვევენ კორდინატებს!
ეს არ არის ვარიანტი
ის, რომელიც შორს გვინათებს…

ვუახლოვდებით გორს ტაატით
გაგრძელებით ძველი ზვირთის –
ბარე ოცი, ოცდაათი
წლისწინდელი მწველი ფლირტის.

7 thoughts on “ეროტიკა ქართულად

  1. ჭილაძეს ისე აქვს აღწერილი ქალის ორგაზმი, თითქოს თვითონაც განეცადოს)))))))) კარგი პოსტია))) ლებანიძისგან ისწავლეთ ყმაწვილებო))))

  2. ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
    ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
    და აზიდული მაღალი მკერდით
    მიეფინები მწვანე ეზოებს.
    დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
    და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
    გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტი –
    და ატევრილი სხეულმზიანი
    როგორც ავაზა
    შენ ტანმხურვალი
    დაეძებ კუროს –
    რომ დაგიურვოს…
    გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
    დათესლილია ჩემი სურვილით.
    წამოვიწევი… შენ გაბრუნდები
    გადალეწილი მხეცის წყურვილით –
    და გავარდები…
    დაგედევნები…
    თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
    შენი ვარ შენი მოდი გევნები.
    მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
    აგიყვან ხელში
    და გადაგისვრი დიდ საწნახელში –
    რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
    მწიფე მტევნები…
    მაგრამ თვალები –
    თვალები – თვალები: –
    უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
    ათასი ქალი ყველა მრუში.
    აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.
    გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
    არა ხარ ჩემი არ ხარ არვისა.
    თუმც არაოდეს არ ხარ უარზე.
    იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
    ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.
    და შენი თმების წითური მორგვით.
    მიგაკრავ მაგრად ცხენის ძუაზე…
    მაგრამ თვალები –
    თვალები – თვალები:
    ეხლა მადონნა – წმინდა – ხასხასა.
    რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!
    ნელი და ტკბილი
    ქვემეფინები –
    რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
    ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.
    მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
    აგამზეურებ როგორც შუბის ტარს
    ირუბაქიძის
    და ერთხელ კიდევ
    გასუდრულ მტევანს
    გაგშოლტავ “ლოშნით”.

    ა, ბატონო, რობაქიძის ეროტიკა🙂

  3. ბოლო ლექსში მე ვხედავ ეროტიულ ელემენტებს და თან ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი ლექსია და არ შემეძლო არ დამედო🙂

    dakarguli
    ჭილაძე ნამდვილად გენიალურია😉

    akunkula
    :* :* ეგ როგორ გამომრჩააააა :*

  4. ძალიან საინტერესო პოსტი იყო, ასე ერთად თავმოყრილი ამონარიდები ქართული ლიტერატურიდან ეროტიკის მომენტებზე არ მინახავს აქამდე სადმე. ჭილაძე ოღონდ სულ სხვაა, ლებანიძეც მაგარია თავისი უბრალო ფრაზებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s