ია ბობოხიძე სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ?!

ნეტგაზეთის ცნობით, forum.ge-ზე გამოქვეყნებულ პოსტზე გამოძიება დაიწყო,  რასთან დაკავშირებითაც, თავის მხრივ, forum.ge_ს პოლიტიკური განყოფილების მოდერაცია, საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

ინტერნეტში (მსოფლიო მასშტაბით) ძალიან გავრცელებულია სხვადასხვა ცნობილი ბრენდების სახელებით ხუმრობა(მაგალითად კოკა-კოლაზე) … ან თუნდაც სახუმარო (არადამაჯერებელი) ინფორმაციების გავრცელება… თუნდაც მარკ ცუკებერგი ფეისბუქს ხურავსო, მისი “გაყალბებული” ინტერვიუ გაიხსენეთ მსოფლიო რომ შემოიარა…ან ლენტა.რუ-ს ფეიკ გვერდები…

ასევე ხუმრობენ პოლიტიკოსებზეც და ცნობილ მედია საშუალებებზეც, საქართველოში ბოლო დროინდელი ყველაზე გახმაურებული ხუმრობა სოცქსელებში იყო, საფრანგეთის ყოფილმა ელჩმა ფურნიემ ბიძინა ივანიშვილთან დაიწყო მუშაობაო…

თუმცა არავის მოსვლია თავში სასამართლოში ეჩივლა, რადგან ყველა ხვდება რომ ხუმრობაა (რა ხარისხის სხვა საკითხია)… თუმცა:

“ახალი გაზეთის” მთავარმა რედაქტორმა ია ბობოხიძემ კი სამართალდამცავებს ფორუმზე გამოქვეყნებული გაყალბებული ინტერვიუს გამო მიმართა.

როგორც ქუთაისში გამომავალი გაზეთის რედაქტორი აცხადებს, ინტერვიუ თავიდან ბოლომდე გამოგონილია, ინტერვიუს ავტორად კი ია ბობოხიძეა მითითებული. საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობას და დისკრედიტაციის გამო მან რეგიონის საოლქო პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა. (თუმცა რატომ პრიკურატურას და არა სასამართლოს-გაუგებარია)

ვინც ვერ მიხვდა რაზეა საუბარი, გაგახსენებთ:

ფილმი “ლარი ფლინტი ხალხის წინააღმდეგ” გახსოვთ ალბათ (რომელიც რეალურ ამბებზეა დაფუძნებული) ? იქაც ფიგურირებდა გაყალბებული ინტერვიუ და სასამართლომ გაამართლა ფლინტი, ხუმრობის უფლება ყველას აქვსო!….და ეს გამოხატვის თავისუფლებააო.. !

რაც შეეხება “კვირის პალიტრას” , დიდი იმედი მაქვს რომ გაუთვითცობიერებით იყო ის განცხადება გაკეთებული (ვერ გაერკვნენ სოცქსელების სპეციფიკაში) ..

არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს არის ბეჭდური მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის მცდელობა ინტერნეტში პირდაპირი ცენზურა დაწესდეს , ხუმრობის აკრძალვა ასე ვთქვათ!

ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ,რომ forum.ge პოლიტიკის განყოფილება არავითარ შემთხვევაში არ არის არასერიოზული ადამიანების გართობის ადგილი. აქ მნიშვნელოვან საკითხებზე საკმაოდ კომპეტენტური დისკუსიები მიმდინარეობს და ნებისმიერ სერიოზულ ინფორმაციას, აუცილებლად თან ახლავს ლინკი. აქ არავინ ერთმანეთს “სიტყვაზე არ ენდობა”..

საქმე იმაშია, რომ ფორუმელებმა კი იციან ეს და თემის ავტორის მიერ მითითებულ წყაროს და ლინკს აუცილებლად ამოწმებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ერთვებიან განხილვაში, მაგრამ როგორც ჩანს სააგენტოები მხოლოდ პოსტებს კითხულობენ და ლინკის და მითითებული წყაროს შემოწმებით თავს არავინ იწუხებს.

ფორუმ გე-ს პოლიტიკის განყოფილება წუხს, რომ ასეთ გაუგებრობაში აღმოჩნდა ჩართული, ჩვენ, ჩვენი მხრივ ვეცდებით თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხევევები, მაგრამ მეორე მხრივ, სააგენტოებს და კერძო პირებსაც მოვუწოდებთ, შემდეგისათვის უფრო დაკვირვებით გაეცნონ თემას, რომელსაც კითხულობენ , და თავად გადაამოწმონ ის ლინკი, რაც მითითებულია.

მითუმეტეს ჟურნალისტებს, ფორუმელებისაგან განსხვავებით,ეს პროფესიულად ევალებათ!

საგანგებო განცხადების შინაარსი, უკვე ასზე მეტმა იუზერმა მოიწონა და სავარაუდოთ დღის ბოლომდე მათი რიცხვი ათასს გადააჭარბებს. ჩემის მხრივ, მინდა მომხდარ ფაქტს,  ბლოგ–პოსტით გამოვეხმაურო და  ია ბობოხიძის საქციელი პირდაპირად თუ ირიბად, სოციალურ ქსელებში, სამთავრობო ინსტიტუტების მხრიდან ცენზურის დაწესების ხელშემწყობად შევაფასო!

რუსთავი2, იმედისა და საზოგადოებრივი არხის მაუწყებლობის პოლიტიკის გათვალისწინებით, სხვადასხვა ოპოზიციური თუ სამთავრობო ინტერნეტ გამოცემებისა და სააგენტოების მუშაობის სფეციფიკით, რათქმაუნდა საზოგადოება უკმაყოფილოა და მათი დეზინფორმაციულობის ხარისხი უკვე საგანგაშო ნიშნულს საგრძნობლად გადაცდა.  ამ ფონზე, ვფიქრობ სასაცილო და უგუნური ნაბიჯია ჟურნალისტის მხრიდან, რიგითი იუზერის პოსტზე ასეთი არაადეკვატური რეაქცია.

რას ვიზამდი ია ბობოხიძის ადგილას? – რათქმაუნდა შევშფოთდებოდი, გავაკეთებდი საგანგებო განცხადებას და კონკრეტულ პიროვნებას, ვინც ჩემი სახელით დეზინფორმაციის გავრცელება სცადა, საკადრისად ვუპასუხებდი მაგრამ, მოთხოვნა სამართალდამცავებისთვის რომ მოახდინონ ასეთ ფაქტზე რეაგირება, რათქმაუნდა უსაფუძვლოა.

არ ვარ იურისტი და ვერც ხსენებული კოდექსის იმ პუნკთის ცოდნით დავიკვეხნი, სადაც პირის სახელის უფლებაზეა საუბარი, მაგრამ ის კი ნამდვილად მესმის, რომ ფორუმზე, ფეისბუქზე, ტვიტერზე ან სხვა ნებისმიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ აზრსა თუ თემაზე, თავისუფლად შემიძლია საპასუხო რეაქციის გამოვლინება და ამ საქმეში სამართალსდამცავების ჩარევის და მათი დახმარება, სულაც არ მჭირდება!

შეუძლებელია ჟურნალ–გაზეთში დაბეჭდილ სტატიაზე, ტელევიზიით გასულ სიუჟეტზე, ან სხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, იგივე ეფექტის მქონე საპასუხო რეაქცია გამოავლინო, მაგრამ ის რაც კონკრეტულად ამ ფაქტის შემთხვევაში მოხდა, სრულიად გაუგონარი და არაადეკვატური შეიძლება ვუწოდოთ! ჟურნალისტ ია ბობოხიძის საქციელი,  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, სოციალურ ქსელებში აზრის გამოხატვის  თავისუფლებას  უქმნის საფრთხეს.

ფორუმის ადმინისტრაცის ისედაც ევალება და ვფიქრობ გაითვალისწინებს მომხდარს რათა გამოამჟღავნოს მეტი პასუხისმგებლობა და მოახდინოს სათანადო რეაგირება პიროვნების უფლების უხეშათ დარღვევის შემთხვევაში. მეორეს მხრივ კი მივმართავ ქალბატონ იას – დაკმაყოფილდეს საკუთარი აზრის დაფიქსირებით, გამოავლინოს ადეკვატური რეაქცია და მხოლოდ ფორუმის ადმინისტრაციის მეშვეობით მოახდინოს სამართლიანობის აღდგენა, სახელის არაწორად გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით! რიგით იუზერისგან განსხვავებით, თქვენ როგორც ჟურნალისტს, მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ სიტყვისა და აზრის გამოთქმის თავისუფლების დაცვის საკითხში. იმედი მაქვს გააცნობიერებთ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას კონკრეტულად ამ შემთხვევის სამართლებრივად განხილვამ, იმ დემოკრატიულ ინსტიტუტს, რასაც სიტყვის თავისუფლება ჰქვია.

 

11 thoughts on “ია ბობოხიძე სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ?!

  1. ჩავყევი, ჩავყევი და

    “საგანგებო განცხადების შინაარსი, უკვე ასზე მეტმა იუზერმა მოიწონა და სავარაუდოთ დღის ბოლომდე მათი რიცხვი ათასს გადააჭარბებს. ჩემის მხრივ, მინდა მომხდარ ფაქტს, ბლოგ–პოსტით გამოვეხმაურო და ია ბობოხიძის საქციელი პირდაპირად თუ ირიბად, სოციალურ ქსელებში, სამთავრობო ინსტიტუტების მხრიდან ცენზურის დაწესების ხელშემწყობად შევაფასო!”

    აქ შევწყვიტე კითხვა :დ

  2. აი ვერ გავიგე რატომ არ უნდა მიმეართა შესაბამისი უწყებისთვის? თუ ხუმრობა სურდა ავტორს მაშინ ფსევდსონომით ეხუმრა და არა კონკრეტული ჟურნალისტის სახელით და გვარით.

    • დაუშვათ კონკრეტული ჟურნალისტის სახელით იხუმრა, ეს რატომ უნდა იყოს დასჯადი? ავხსენი პოსტში, რასაც ვგულისხმობ. ანუ იქ სადაც შეგიძლია საპასუხო თემა გახსნა, გამოეხმაურო დეზინფორმაციის გამვრცელებელს და იგივე აუდიტორიას აუხსნა რომ ეს ტყუილია, მოითხოვო ადმინისტრაციისგან სათანადო ქმედება განახორციელოს და ა.შ.
      ასეთ სიტუაციაში, სამართალდამცავებისთვის მიმართვა სხვა ღირებულებებს უქმნის საფრთხეს ჩემი აზრით და სწორედ ეს დავაფიქსირე.
      ია ნებით თუ უნებლიედ, ასევე ჩემი აზრით, ხელს უწყობს ფორუმზე ცენზურის დაწესებას შესაბამის ორგანოებისგან და ბუნებრივია ამით, სიტყვისა და აზრის გამოთქმის თავისუფლებას ექმნება საფრთხე.

  3. სად გადის თავისუფლების ზღვარი ესეც უნდა ვიცოეეთ, მაგ გაგებით სულაც არ არის საჭირო კანონი სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვის შესახებ. ახალი თემის გახსნა და საქმის გარჩევა პოსტებით ემგვანება გაფუჭებული ტელეფონისდ თამაშობას, ასე რომ ბობოხიძის რეაქცია სავსებით ადექვატურია. და ერთი რამ მიკვირს კიდევ: გავყვირით ამ სიტყვის თავიოსუფლებას და მერე ჩვენვე ვლახავთ სხვის უფლებებს

    • არაფრის დიდებით არ ვამართლებ იმ იუზერს ვინც იას სახელით ინტერვიუ გამოაქვეყნა. მე უბრალოდ, ისეთი არაადეკვატური მთავრობის არსებობის პირობებში როგორიც ჩვენ გვყავს, მითუმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ვხედავ საშიშროებას რომ ნაციონალები კიდევ ერთხელ არ მოერიდებიან თავისი ისტერიული ქმედებების გამოვლინებას და შესაძლოა დღისწესრიგში დადგეს სოციალურ ქსელებში ცენზურის დაწესების საკითხი. ჟურნალისტმა ეს უნდა გააცნობიეროს და უბრალო იუზერისგან არ უნდა მოითხოვდეს ამ ფორმით მისი ქმედებების სამართლებრივ ჩარჩოებში ჩასმას. მისი საქციელი უდაოდ გადამეტებულია!

  4. რას ნიშნავს “ია ბობოხიძე სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ“? თუ კი ადამიანმა საკუთარი უფლებები დაიცვა და მისი დისკრედიტაციის საქმის გამოძიება მოითხოვა, ეს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა?! ვერც იმას ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება სიმართლის დამტკიცების მცდელობა ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებში ცენზურის დაწესების საბაბად გამოიყენოს? ხომ არ ფიქრობთ, რომ პირიქით ხდება და შესაძლოა, ფორუმზე გამოქვეყნებული არარსებული ინტერვიუ ნაცმოძრაობამ სწორედ ია ბობოხიძის საწინააღმდეგოდ მიმართოს, ხაზარაძის მსგავსი პოლიტიკური გვამების რეინკარნაცია დასდოს ბრალად ჟურნალისტს და “რუსეთის აგენტის“ იარლიყი მიაწებოს ისე, რომ სულაც არ მოინდომოს იმის გარკვევა, ლინკი მართლაც არსებობს თუ არა?
    თქვენ აზრით, უმჯობესი იყო, ია ბობოხიძეს ფორუმზევე გამოევლინა საკუთარი რაეაქცია და არ მიემართა სამართლადამცავებისთვის, რაშიც ნადვილად ვერ დაგეთანხმებით _ მე წავიკითხე ფორუმზე გამოქვეყნებული უკიდურესად ბინძური პოსტები ამ საკითხის ირგვლივ და ია ბობოხიძეს არ ვურჩევდი, მსგავსი ლექსიკით მოსაუბრე ამ ადამიანების წინაშე თავი იმართლოს და ამტკიცოს, რომ ის ინტერვიუ მისი არ არის. საერთოდ, დისკრედიტაციის ცნობილი ხერხია _ მე დავაბრალებ და მერე იმან იმართლოს თავი!
    ისიც საინტერესოა, რატომ არ მოსთხოვა ფორუმის ადმინისტრაციამ იმ პოსტის ავტორს, ბოდიში მოეხადა და ეღიარებინა, რომ ეს ხუმრობა იყო, თუ ამ საქციელს ხუმრობა ჰქვია? იქნებ, ამ ბოდიშის მოხდის შემდეგ იას მართლაც აღარ მიემართა სამართალდამცავებისთვის? ასეთი ქმედების მაგივრად, ფორუმზე გაჩაღდა ბინძური და შეურაცხმყოფელი კამპანია იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ერთ-ერთმა ფორუმელმა, მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა და მისი რეპუტაციას სერიოზული დარტყმა მიაყენა.
    ასე რომ, ფორუმის ადმინისტრაციას ვურჩევდი, “გარე მტრების” ძებნას თავი დაანებოს და საკუთარ წევრებს ნუ მისცემს სხვების შეურაცხყოფის უფლებას მსგავსი უკბილო ხუმრობებით, მით უმეტეს, როგორც თავად აღნიშნავს, “პოლიტიკის განყოფილება არავითარ შემთხვევაში არ არის არასერიოზული ადამიანების გართობის ადგილი“, რასაც, დღევანდელი პოსტების შემდეგ, ფორუმის სტუმარი ნამდვილად ვერ დაიჯერებს!

  5. გიორგი მთავარი აქ ის არის, სად მოხდა იას სახელით დეზინფორმაციის გავრცელება და რა ფორმით შეიძლებოდა ამ უსამართლობის აღკვეთა. ვნახე თემა და იქ ძირითადად თავად ინტერვიუს რესპოდენტზე იყო უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატული. ასეც რომ არ ყოფილიყო, იას შეეძლო ფორუმის ადმინისტრაციისთვის მიემართა და მათი მხრიდან დარწმუნებული ვარ აუცილებლად იქნებოდა სათანადო რეაგირებაც. ფიზიკურად შეუძლებელია აკონტროლო 30 000 იუზერი და ყველა მათი გამოხტომა სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციო. ამიტომაც არ ყოფილა ფაქტი, მსოფლიოს მაშტაბით, ფორუმზე დარეგისტრირებულ იუზერისთვის ვინმეს ეჩივლოს, წარმოგიდგენია ეხლა, სააკაშვილიდან დაწყებული, პროექტ ნიჭიერის რიგითი მონაწილეთი დამთავრებული, ყველამ რომ საკუთარი სახელის უფლების დაცვა მოინდომოს და ეს შესაძლებელი გახადოს სამართალდამცავებმა, რასთან გვექნება საქმე?
    კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავად ფაქტი საწყენია, მეტიც მასზე გამოხმაურებაც და სათანადოდ პასუხის გაცემასაც მოითხოვდა მაგრამ როგორც ასეთი, რომ დავუშვათ პრეცენდენტი იმისა რომ ვინმემ რიგით იუზერს თავისი გამოხტომის გამო უჩივლოს და საქმე მოუგოს, იქნება სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლებაზე პირდაპირი დარტყმა.
    არ ვიცი, შეიძლება იას უჭირს, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით ამის გაცნობიერება, შეიძლება მე ვცდები მაგრამ ეჭვი რომ უსაფუძლო არ არის ამაში ბევრი თანხმდება უკვე და ეს არის მგონი ყურადსაღები, მითუმეტეს ჟურნალისტისთვის.

  6. თავიდან ბოლომდე დემაგოგიური პოსტია. შეცდომაში შეგყავს ბლოგის მკითხველები. განცხადება, რომლის დაწერასაც ფორუმის მოდერაციას აბრალებ, მას არ ეკუთვნის. დაწერა ჩვეულებრივმა მომხმარებლემა.

    ისე შენზე რომ მოეწერათ არარსებული ინტერვიუ, ან ნებისმიერ სხვა ინფო როგორ მოგეწონებოდა?

    • ავღნიშნე რომ არ მომეწონებოდა და ისიც ვთქვი როგორ მოვიქცეოდი!
      რაც შეეხება ფორუმის მოდრაციას და განცხადებას, ამ შემთხვევაშიც ცდები და გირჩევ გადაამოწმო რასთან გვაქვს საქმე

      • ფორუმის ადმინისტრაცია არის მისი მფლობელი და მოდერატორთა გუნდი. თემა რომლის ლინკი შენ გაქვს მითითებული , გახსნა მომხმარებელმა ნიკით king depress რომელიც შედის ჯგუფში members. ამიტომ მისი განცხადების მიწერება ფორუმის ადმინისტრაციაზე არის სრული დეზინფორმაცია და ტყუილი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s