სიტყვა ართქმული

მსგავსი შინაარსის წერილი გუშინ ბევრი მომივიდა ფეისბუქის ჩატში.

საქმე ეხება ჩემს სიტყვას, რომელიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორუმისთვის მოვამზადე მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვთქვი. ვერ ვთქვი იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ფორუმს პირადად არ დავსწრებივარ (სამსახურმა დამაკავა).  

ფორუმის ორგანიზატორებს მომზადებული სიტყვა ერთი დღით ადრე გავუგზავნე მეილით. ღონისძიების დღეს კი დავურეკე და ბოდიში მოვუხადე, ვერ ვახერხებ სამსახურიდან განთავისუფლებასთქო.

აღმოჩნდა რომ ჩემი სიტყვა ჩემ დაუსწრებლად წაუკითხავთ.

მოგესალმებით!
მე ილო ვარ, 26 წლის. საქართველოს რკინიგზის პროფკავშირების პირველადი ორგანიზაციის – თბილისის სალოკომოტივო სამმართველოს პროფკავშირების თავჯდომარე. 
ჩემი, როგორც რკინიგზელის კარიერა 2007 წელს დაიწყო. დავამთავრე უნივერსიტეტი, მოვკიდე დიპლომს ხელი და როგორც ყველა რკინიგზელის ოჯახში გაზრდილი, მეც ამ გიგანტ ორგანიზაციას მივადექი. ეს ის პერიოდია, ქვეყანაში დასაქმება და მითუფრო ახალგაზრდების, ერთი–ორად რომ ჭირდა! 
რკინიგზელობა ერთ–ერთი საამქროს ყარაულად დავიწყე და 24 წლის ასაკში უკვე დამოუკიდებლად ვმართავდი ელმავალს. საყვარელ პროფესიას ჩემი უფროსი კოლეგებისგან ვითვისებდი რომელთა უმრავლესობაც საპატიო რკინიგზელები და დამსახურებული მემანქანეები არიან. 
მემანქანეობა რთული საქმეა – არანორმირებული სამუშაო გრაფიკით, მძიმე მავნე და საშიში პირობებით, შაბათი–კვირა, სადღესასწაულო დღეები, დღისითაც და ღამითაც თანაბრად მუშაობ და ა.შ. 
უკვე 5 წელია რკინიგზაში ვმუშაობ და ეს ყველა სირთულე საკუთარ თავზე გამოვცადე. რაც უფრო მძიმეა პროფესია, მითუფრო რთულია დაიცვა შენი შრომითი უფლებები. 
დღეს ევროპელ რკინიგზელს ალბათ სპეცტანსაცმლის ფერი არ მოსწონს, წუხს რომ კორპორაციული დაზღვევა პლასტიკურ ოპერაციას არ უფინანსებს, უკმაყოფილოა დასასვენებელი და სარეაბილიტაციო კურსებით და ა.შ. 
საქართველოში კი სულ სხვა პრობლემები დგას და ამ პრობლემების მოგვარების გზა კიდევ უფრო რთული და გაუკვალავია! 
,,კრავთა ღაღადი – ანუ გთხოვთ მამუშაოთ კუთვნილი 8 საათის ნაცვლად 12 საათი“ – ასე ერქვა პოსტს რომელიც პირად ბლოგზე 2012 წელს დავწერე. ხმამაღლა ვთქვი ის რამაც ყველაზე მეტად აღმაშფოთა – რკინიგზის ადმნისტრაცია გვაიძულებდა ჩვენივე განცხადების საფუძველზე დაერღვია ჩვენივე შრომითი უფლება!
პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა – ზოგი ფიქრობდა რომ ამის გამო სამსახურიდან გამაგდებდნენ, დამიჭერდნენ, გამაქრობდნენ… ეჭვი არ იყო საფუძველს მოკლებული, მითუმეტეს მსგავსი პრეცედენტებიც ქვეყანაში უხვად გვქონდა!
ჩემი მთავარი პლიუსი ასაკი იყო! არ მყავს ცოლი, არ მყავს შვილები, ოჯახი რომლის სარჩენი ერთადერთი წყაროც ხელფასი იქნებოდა და ალბათ სწორედ ამიტომ არც შემშინებია მეყვირა იქ სადაც სხვა სწორედ ამ საპატიო მიზეზის გამო ჩუმად იჯდა. 
ბლოგ–პოსტი, დიდი გამოხმაურების გამო, მაშინდელმა რკინიგზის ხელმძღვანელობამ სერიოზულად აღიქვა. იყო შეხვედრა, დაპირებები, მცდელობა სიტუაციის მოგვარების, მაგრამ რეალურად პრობლემა მაინც პრობლემად დარჩა რასაც ისევ ახალგაზრული შემართების გამო, ბოლომდე არ შევეგუე! 
ფეისბუქზე გაფიცვის ორგანიზებისთვის მზადების დაწყება დავაანონსე და რკინიგზელების მობილიზება დავიწყე. ჩემი აქტიურობა მალევე შეამჩნია პროფკავშირებმა და ამ პროცესში დახმარების გაწევის სურვილიც გამოთქვეს. 
პროფკავშირი, როგორც ქვეყნის მაშტაბით თითქმის ყველგან, რკინიგზაშიც იდევნებოდა. მათთან ურთიერთობის დაჭერა კი თითქმის განაჩენის ტოლფასი იყო. ძველი, ,,ყვითელი პროფკავშირის“ საქმიანობის გადახარშვის შემდეგ, თავად რკინიგზელებშიც იყო უნდობლობა ამ ინსტიტუტის მიმართ და ერთადერთი, რის გამოც რკინიგზელებმა ეს გამოწვდილი ხელი მიიღეს, იყო ის რომ გაერთიანებული პროფკავშირების ლიდერების რიგებში, ახალგაზრდები ჭარბობდნენ. 
სოლიდარობით და ერთმანეთის გვერდში დგომით მაშინ ჩვენ ჩვენს მიზანს ნაწილობრივ მივაღწიეთ! გაფიცვა შედგა, ხელმძღვანელობამ სერიოზულ ძალად აღგვიქვა და დასაქმებულებთან დიალოგიც დაიწყო!
დღეს რკინიგზას, ვიტალი გიორგაძის სახით, მთელი საქართველოს მაშტაბით ყველაზე ახალგაზრდა პროფკავშირის თავჯდომარე ყავს! ის 31 წლისაა და დამსახურებული, საპატიო რკინიგზელების უდიდესი ნდობით სარგებლობს. 
26 წლის ვარ მეც და პროფკავშირის თავჯდომარის არჩევნებში სამი კანდიდატიდან, ჩემმა კოლექტივმაც სწორედ ყველაზე ახალგაზრდაზე და გამოუცდელზე გააკეთა არჩევანი რადგან ამ ხალხმა კარგად გაიგო რომ პროფკავშირი ეს ის ინსტიტუტია რომელსაც ახალგაზრდული შემართება, ახალგაზრდული აზროვნება და ახალგაზრული ენერგია სჭირდება! 
მიხარია რომ დღეს ყველა ერთად შევიკრიბეთ და საქართველოს პროფკავშირების ახალგაზრდულ გაერთიანებას ვაყალიბებთ! 
იქნება სოლიდარობა? ყველაფერი გამოვა! 
გისურვებთ წარმატებებს 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s